დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 18, 2013

ალან მაკნიშმა კარიერა დაასრულა

Allan McNish announces he is retiring from racing
18 დეკემბერი
ლე მანის სამგზის გამარჯვებულმა და გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ალან მაკნიშმა თავისი სპორტული კარიერა დაასრულა. 44 წლის შოტლანდიელმა განაცხადა, რომ თავისი სახელოვანი თანამემამულის, ფ1-ის სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის მაგალითს ბაძავს - სტიუარტმა კარიერა 1973 წელს, მას შემდეგ დაასრულა, რაც მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
„ავტო მრბოლისთვის მნიშვნელოვანია კარიერის თავის დროზე დასრულება. მე ისევ სწრაფი ვარ და ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, რის დასტურადაც, მესამედ მოვიგე ლე მანი და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. მე მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც მსურდა. ახალი სეზონიდან ახალი რეგლამენტი მოქმედებს, რასაც სხვანაირი მიდგომა დასჭირდება.“, - ამბობს მაკნიში, ვინც ლე მანზე სამივე გამარჯვება „აუდის“ სარბოლი პროტოტიპით მოიპოვა და მრბოლის კარიერის დასრულების შემდეგაც, ამ გუნდში იმუშავებს. გარდა ამისა, მას სურს, რომ მენეჯერის კარიერა დაიწყოს და ტელევიზიაშიც სცადოს ბედი.
მაკნიში, ვინც ფ1-ში „ტოიოტას“ მანქანით რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულის აღება ვერ შეძლო, ამჟამად ბრიტანელ მრბოლ ჰარი ჰარი ტინკნელს მეურვეობს, ვინც გასულ სეზონში ფორმულა 3-ის მრბოლი იყო, მომავალი სეზონიდან კი სპორტული ავტომობილების კლასში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, შოტლანდიელი რადიო 5-სთვის ფორმულა ერთის რბოლების კომენტირებასაც დაიწყებს.ის ამბობს, რომ ბრიტანეთში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა მრბოლი გამოჩნდა, რომლებსაც გამოცდილი ადამიანის დახმარება სჭირდებათ, რათა პრესტიჟული სერიებისკენ გაიკაფონ გზა.
ზემოთ ნახსენები მიღწევების გარდა, მაკნიშის მიღწევების გალარეას ასევე ამშვენებს ამერიკული ლე მანის სერიის სამი ტიტული და სებრინგის 12-საათიან რბოლაში მოპოვებული გამარჯვებები. მასვე პროტოტიპების კლასში, „აუდის“ მანქანებით 19 რბოლა აქვს მოგებული, მათ შორის რამდენჯერმე პეტიტ ლე მანის რბოლა როუდ ატლანტაზე. 2011 წელს კი ლე მანზე უმძიმესი ავარია მოუვიდა, რომელსაც ბეწვზე გადაურჩა.

ალან მაკნიშის მიღწევები
1988 ფორმულა ვოქსოლ ლოტუსის ჩემპიონი
1990 სილვერსტოუნის საერთაშორისო ტროფის გამარჯვებული (ფ3000)
1998 ლე მანის 24 საათის გამარჯვებული
2000 პეტიტ ლე მანის გამარჯვებული, ამერიკული ლე მანის სერიის ჩემპიონი
2004 სებრინგის 12 საათის გამარჯვებული
2006 სებრინგის 12 საათის გამარჯვებული, პეტიტ ლე მანის გამარჯვებული, ამერიკული ლე მანის სერიის ჩემპიონი
2007 პეტიტ ლე მანის გამარჯვებული, ამერიკული ლე მანის სერიის ჩემპიონი
2008 ლე მანის 24 საათის გამარჯვებული, პეტიტ ლე მანის გამარჯვებული
2009 სებრინგის 12 საათის გამარჯვებული
2012 სებრინგის 12 საათის გამარჯვებული
2013 ლე მანის 24 საათის გამარჯვებული, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონი

მაკნიშის ავარია 2011 წლის ლე მანზე

No comments:

Post a Comment