დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 8, 2013

„ნისანი“ სამადგილიან კონცეპტ „ბლეიდგლაიდერს“ გამოუშვებს

New Nissan BladeGlider Concept Heading for Production
8 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „ნისანი“ სამადგილიან კონცეპტუალურ ელექტრომობილ „ბლეიდგლაიდერს“ წარადგენს, რომელიც იაპონური კომპანიის განცხადებით, მომავალი სერიული ავტომობილის წინამორბედია. სხვათა შორის, გამოცემა „მოტორ ტრენდთან“ ამ ავტომობილზე საუბრისას, „ნისანის“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ენდი პალმერმა განაცხადა, რომ „ტოიოტა GT86“ და „სუბარუ BRZ“ 50 წლის ასაკის ადამიანებისთვის არის შექმნილი, ახალგაზრდებისთვის კი ამავე კლასის ავტომობილს მალე მისი კომპანია გამოუშვებს.
ამ ავტომობილს, სახელად „ბლეიდგლაიდერი“ ჰქვია. ეს არის საკმაოდ უცნაური გარეგნობის და შეთანწყობის მქონე ავტომობილი, რომლის სალონშიც სულ სამი სავარძელია, ასევე უცნაური განლაგებით - წინ ერთი, როგორც ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ში“ და უკან - ორი. ამასთან, წინა სავარძელს ცენტრალური ადგილი უკავია, როგორც სარბოლი ავტომობილების კოკპიტებში.
მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც ეს ავტომობილი გამოირჩევა, მისი ვიწრო წინა ნაწილია. ამ მხრივ, ის სარბოლ „დელტაუინგს“ და ZEOD RC-ს ჰგავს - ორ ელექტრულ პროტოტიპს, რომელთაგან პირველი გაბედული ექსპერიმენტი იყო, რომელსაც იაპონური კომპანია „შუა გზიდან“ შეუერთდა, მეორე კი - მთლიანად მისი პროექტი, რომლის შემუშავების პროცესშიც, სწორედ პირველი ექსპერიმენტის დროს დაგროვილი გამოცდილება გამოიყენეს.
„ბლეიდგლაიდერის“ წინა ნაწილის სიგანე მხოლოდ 1.0 მეტრია, უკან კი მას ჩვეულებრივი სიგანე (ზუსტი მონაცემი არ გამოქვეყნებულა) აქვს. წინა და უკანა ღერძებს შორის, ავტომობილის წონა 30/70 პროპორციით არის განაწილებული. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ასეთი კონსტრუქციის წყალობით, ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი წინაღობა ძლიერ შემცირებულია. ამასთან, ავტომობილი სწრაფ მოსახვევებს უფრო მაღალი სიჩქარით და სტაბილურად გადის.
ის მცირე ინფორმაცია, რომელიც ამ ავტომობილის შესახებ „ნისანმა“ ამ ეტაპზე გაავრცელა გვატყობინებს, რომ „ბლეიდგლაიდერი“ კარბონის კომპოზიტით დამზადებულ შასიზეა აგებული, ამავე მასალითაა გაკეთებული ძარაც, უკანა ბორბლებში კი ელექტრო ძრავებია მოთავსებული. „როდსაც„ბლეიდგლაიდერი“ სერიულ ავტომობილად ჩამოყალიბდება, ის გახდება „ნისანის“ პირველი ავტომობილი, რომელსაც ძრავები ბორბლებში აქვს განლაგებული. ისინი უკანა ბორბლებშია მოთავსებული და შესაბამისად, ავტომობილიც უკანა ამძრავიანია. ამან დიზაინზე მუშაობისას ბევრი თავისუფლება მოგვანიჭა“, - ნათქვამია „ნისანის“ რელიზში.
„ამ ავტომობილზე მუშაობის დაწყებისას, ჩვენ მიზნად ავტომობილის აგებულების რევოლუცია დავისახეთ. გვინდა, ავტო მოყვარულებში ახალი ემოციები გავაღვიძოთ და ახალი ფასეულობების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. დავანახოთ ყველას, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი შეიძლება სხვა მხრივაც იყოს საინტერესო და მიმზიდველი“, - ამბობს „ნისანის“ პროდუქციის სტრატეგიის და დაგეგმარების დივიზიონის გენერალური მენეჯერი ფრანსუა ბენსონი.
ენდი პალმერის თქმით, „ბლეიდგლაიდერის“ სერიული ვერსია, კომპანიის გამაში კუპე 370Z-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს და სავარაუდოდ, 50 000 დოლარი ეღირება. ოღონდ როდის დაიწყება მისი წარმოება, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.

No comments:

Post a Comment