დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 21, 2013

„მაკლარენმა“ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა

McLaren Confirms Final Specs for P1
21 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ის დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომლებიც გაცილებით სჯობს პირვანდელ მონაცემებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარება, რომელსაც უოკინგელთა სიამაყე 2.8 წამში ახერხებს. ასევე შთამბეჭდავია 0-200 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო - 6.8 წამი. დაბოლოს, P1-ს სამართლიანად შეიძლება იამაყოს 0-300 კმ/სთ-მდე აჩქარების დროით - 16.5 წამი. ეს 5.5 წამით ნაკლებია ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ ანალოგიურ აჩქარებაზე. დაბოლოს მაქსიმალური სიჩქარე - 350 კმ/სთ.
სხვათა შორის, წინასწარი მონაცემებით, 100, 200 და 300 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის, P1-ის დროები უნდა ყოფილიყო 2.5, 7.5 და 17.0 წამი. შედარებისთვის, „ფერარი ლაფერარის“ იმავე აჩქარებებისთვის 3.0, 7.0 და 15.0 წამი ჰყოფნის, „პორშე 918 სპაიდერს“ კი - 2.8, 7.7 და 22 წამი.
უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ასეთი მახასიათებლების მქონე ავტომობილი, საწვავის ეკონომიური ხარჯითაც გამოირჩევა. პატარა ელექტროძრავისა და 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავის კომბინციას 8.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის იმისათვის, რომ ავტომობილი 100 კილომეტრზე გაატაროს. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში გამონაბოლქვთან ერთად, მხოლოდ 194 გრამ CO2-ს ტოვებს. ამასთან, მხოლოდ ელექტროძრავით, 11 კილომეტრს გაივლით. ძალიან კარგი მაჩვენებლებია, თუმცა ხარჯის მხრივ, „პორშე 918 სპაიდერთან“ (3.8 ლ/100 კმ) ახლოსაც ვერ მივა.
ასევე ძალიან შთამბეჭდავია დამუხრუჭების მაჩვენებლები. სამუხრუჭე სისტემა, კომპანია „აკებონოს“ მიერ სპეციალურადაა შემუშავებული და მასში კარბონ კერამიკული დისკოებია გამოყენებული. ამ სისტემის წყალობით, 100-0 კმ/სთ შენელებისთვის P1-ს 30.2 მეტრი ჰყოფნის. „მაკლარენის“ ინფორმაციით, მის სუპერ ავტომობილს დასამუხრუჭებლად ჩვეულებრივ ავტომობილებზე სამჯერ ნაკლები სივრცე ესაჭიროება. 200 და 300 კმ/სთ სიჩქარიდან გასაჩერებლად, „მაკლარენ P1-ს“ 115 და 246 მეტრი სჭირდება.
„მაკლარენი“ მხოლოდ 375 ცალი P1-ს გამოშვებას აპირებს. ყოველი მათგანის დასამზადებლად, 17 დღეა საჭირო. პირველი ავტომობილი სექტემბრის ბოლოს გამოუშვეს. ის სპეციალურად შეზავებულ ყვითელ ფერშია შესრულებული, რომელსაც „ვოლკანო იელოუ“ უწოდეს. ბრიტანეთში „მაკლარენ P1“ 866 000 გირვანქა სტერლინგი ღირს, ევროპაში - 1.0 მილიონი ევრო, ამერიკაში კი - 1.15 მილიონი დოლარი.

No comments:

Post a Comment