დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 24, 2013

მასა მოლაპარაკებას „უილიამსთან“ აწარმოებს

Massa confirms talks with Williams over 2014 Formula 1 drive
24 ოქტომბერი
ფელიპე მასამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს „უილიამსთან“, სადაც შესაძლოა, პასტორ მალდონადო შეცვალოს. ბრაზილიელის გამოცდილების გარდა, ბრიტანული გუნდი მისი სპონსორებითაცაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ „უილიამსიდან“ მალდონადოს წასვლის შემთხვევაში, გუნდს მისი მთავარი სპონსორი, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიაც დატოვებს და ამიტომ, გროველებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ.
„ხშირად, ჩემს შესახებ ამბებს ჭორის სახით ვგებულობ. თავის დროზე, მე ყველაფერს გაგიმხელთ. მაგრამ ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან მაქვს, მათ შორის, „უილიამსთანაც“. ამაზე მეტის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია“, - განაცხადა მასამ.
ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში პელოტონში იქნება. ამასთან იმასაც აღიარებს, რომ სუსტი გუნდები არ აინტერესებს. მართალია, ამჟამად „უილიამსი“ სწორედ სუსტებს შორისაა - ამ სეზონში მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული, მაგრამ ამ გუნდს უზარმაზარი ტექნიკური რესურსი გააჩნია, რაც მის პერსპექტივაზე მეტყველებს.
„დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც საინტერესო მიმართულებით წამიყვანს. რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ. პატარა გუნდში გადასვლას არ ვაპირებ. ისეთ გუნდში წასვლას ვაპირებ, რომელსაც იმის შესაძლებლობები გააჩნია, რომ კარგი მანქანა მოამზადოს“, - დასძენს მასა და ხაზს უსვამს, რომ არც პეი დრაივერობის პერსპექტივა ხიბლავს.
„მე ის მრბოლი არ ვარ, ვინც სპონსორების იმედზეა. ამიტომ, ისეთ გუნდში არ გადავალ, რომელსაც მხოლოდ ჩემი მხარდამჭერი კომპანიები აინტერესებს. მე ისეთ გუნდში გადასვლა მინდა, რომელიც ჩემს გამოცდილებას აფასებს. იმედი მაქვს, მომეცემა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი“, - ამბობს მასა.

No comments:

Post a Comment