დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 1, 2013

„ჰიუნდაი“ ლას ვეგასში „ველოსტერ ტურბოს“ სარბოლ ვერსიას წარადგენს

Hyundai to Reveal 250HP Veloster Turbo EGR Night Racer at SEMA
1 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის (SEMA) შოუს გაუშინაურდა - კორეული კომპანია იქ თავისი ავტომობილების სპეციალურ ვერსიებს წარადგენს ხოლმე, რომელთა შექმნაზეც, მასთან ერთად, პარტნიორი სატუნინგო კომპანიებიც მუშაობენ. გამონაკლისი არც წლევანდელი შოუ იქნება, რომელზეც „ჰიუნდაი“ თავისი ორი სპორტული მოდელის - „ველოსტერისა“ და „ჯენეზის კუპეს“ ბაზაზე გაკეთებულ ექსტრემალურ ავტომობილებს წარადგენს.
ჩვენ უკვე გაგაცანით „ჯენეზის კუპეს“ 1000-ცხენისძალიანი ვერსია, ახლა კი „ველოსტერ ტურბოს“ ბაზაზე, კერძო შეკვეთით შემუშავებულ, „EGR ნაით რეისერს“ წარმოგიდგენთ, რომელიც სატუნინგო კომპანია EGR-ს სპეციალისტებმა დაამზადეს. ეს ავტომობილი სპეციალურად, ტაიმ ატაკის ღამის რბოლებისთვისაა შექმნილი და მას „იელოუქეიკ“ (ყვითელი ტორტი) დაარქვეს. ამ ავტომობილისთვის ფერი სპეციალურად შეიმუშავეს და ამ საქმეში, EGR-ს ამერიკულ კომპანია PPG-ს სპეციალისტები დაეხმარნენ.
ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური ფარების ბლოკით, რომელიც სახურავის წინა ნაწილშია განლაგებული. მასზე შუქდიოდური ნთურებია მოთავსებული, რომლებიც მთავარ ფარებთან ერთად, ღამის რბოლისას, უმაღლესი ხარისხის განათებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ავტომობილის ძარაც შეიცვალა. მაგალითად, საბორბლე თაღები მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული, თუმცა წინები უზარმაზარ ბორბლებს მთლიანად მაინც ვერ ფარავენ. რადიატორის ქვეშ კი სპლიტერი განლაგდა, რომლის ორივე კიდეშიც სტაბილიზატორები მოთავსდა.
კოკპიტი სპეციალური სტრუქტურით გაძიერდა, რომელიც უსაფრთხოების კარკასის მოვალეობასაც ასრულებს და მანქანის სიმტკიცესაც აძლიერებს. ძლიერ შემცირებულია მანქანის კლირენსი - სარბოლო ავტომობილს დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრი შეეფერება. ავტომობილი ARK-ის წარმოების დრეკადი ელემენტებით აღიჭურვა.
დაიხვეწა ძრავი, რაშიც „ჰიუნდაის“ კომპანია „ბისიმოტო“ დაეხმარა. სწორედ ამ კომპანიის სპეციალისტებმა იმუშავეს იმ „ჯენზის კუპეზე“, რომლის ძრავის სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ამჯერად, მათი ჩარევა ნაკლებად რადიკალური გამოდგა - 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე 250 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ავტომობილის დამუხრუჭებას „ბრემბოს“ სისტემები ემსახურება. ავტომობილი DPE-ს ბორბლებზე დგას, რომლებიც „ტოიოს“ საბურავებითაა შემოსილი.
„იმ ენთუზიასტებისთვის, ვისაც თავიანთი მოდიფიცირება სურთ, „ველოსტერ ტურბო“ შესანიშნავი პლატფორმაა. მის ბაზაზე, EGR-მა ძალიან საინტერესო ღამის მრბოლი შექმნა, რომელიც კარგად წარმოაჩენს „ველოსტერ ტურბოს“, როგორც კარგი სპორტული ავტომობილის გენებს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი მაიკ ო’ბრაიენი, ვინც პროდუქციის დაგეგმარებას კურირებს.

No comments:

Post a Comment