დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 28, 2013

ახალი „ნისან X-ტრეილ/როგი“ ფრანკფურტში

All-New Nissan X-Trail SUV is Also the 2014 Rogue for North America
28 სექტემბერი
„ნისანის“ ქროსოვერები - „როგი“ და „X-ტრეილი“ აქამდე ორი განსხვავებული ავტომობილი იყო, რომლებიც იაპონური კომპანიის გამაში, ერთსადაიმავე სეგმენტს მიეკუთვნებოდნენ. ოღონდ მათგან ერთი (როგი) ამერიკის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე  (X-ტრეილი) კი - ევროპისთვის. შემდეგ კი დადგა მომენტი, როცა „ნისანის“ მარკეტოლოგებმა დასვეს ლოგიკური კითხვა - რატომ არ უნდა იყოს ეს ორი ავტომობილი ერთნაირი? როგორც ჩანს, ამ კითხვას თავადვე (ასევე ლოგიკურად) უპასუხეს და ეს პასუხი, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინეს.
ამიერიდან „X-ტრეილ/როგი“ გლობალური მოდელი ხდება - ის 190 ქვეყანაში გაიყიდება. მან დაკარგა ევროპული „X-ტრეილისთვის“ დამახასიათებელი დაკუთხული ფორმები, რითაც მისი ყველგანმავლის თვისებები იყო ზაზგასმული. ორივეს სალონში ამიერიდან მესამე რიგის სავარძლების დაყენებაც იქნება (ოპციით) შესაძლებელი. მათ კომპლექტაციაში შევა გასართობი და უსაფრთხოების ერთნაირი სისტემები. მათ შორის განსხვავება კი მხოლოდ ძრავების გამაში იქნება.
იაპონური კომპანიის მიერ ფრანკფურტში გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ ავტომობილის შემუშავებისას, პრიორიტეტული ორიენტირები ეკონომიურობა და გარემოზე ზრუნვა იყო. ამისათვის კი ინჟინრები ცდილობდნენ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, შეემცირებინათ ავტომობილის წონა. ყურადღება გამახვილდა აეროდინამიკაზე - გარე სარკეების ფორმაც კი ამ მხრივ მაქსიმალურად დახვეწილია. სხვათა შორის, აეროდინამიკა ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ „X-ტრეილმა“ დაკუთხული ფორმა დაკარგა.
გასაკვირია, მაგრამ ფრანკფურტში ჩატარებულ პრეზენტაციაზე, „ნისანმა“ ახალი „X-ტრეილ/როგის“ ტექნიკური მახასიათებლებიც და მისი გაბარიტული ზომებიც არ გამოაქვეყნა. ერთადერთი, რაც ძრავებზე ითქვა ისაა, რომ მათი ლიტრაჟი და ცილინდრების რიცხვი მცირდება. თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერჯერობით დაფარულია. ამასთან, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ხახუნის შემცირების ხარჯზე, ძრავების ეფექტურობა გაუმჯობესდა, რამაც ინჟინრებს პატარა ძრავებით ისეთივე მახასიათებლების მიღების საშუალება მისცა, როგორიც დიდ ძრავებს აქვს. ოღონდ, რა თქმა უნდა, შემცირდა საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა.
რაც შეეხება ტრანსმისიებს, ევროპაში შესაძლებელი იქნება როგორც წინა, ასევე სრულ ამძრავიანი ვერსიების შეძენა. მეორე შემთხვევაში, სისტემა (ოლ მოუდ 4x4i) სამ რეჟიმში მუშაობს, რომლების არჩევაც ცენტრალურ კონსოლზე არსებული გადასართავით ხდება. ეს რეჟიმებია წინა ამძრავიანი, ავტომატური და ოთხივე წამყვანი ბორბლით.
დამხმარე სისტემებს შორისაა: აღმართში დაძვრის დამხმარე, დაღმართში დაშვების წინასწარი კონტროლი, მართვის აქტიური კონტროლი და ძრავით აქტიური დამუხრუჭების სისტემები. ბოლო ორის ანალოგი ჯერ მსოფლიოში არავის გამოუყენებია. მართვის აქტიური კონტროლის სისტემა გზის მდგომარეობას აკონტროლებს და მისი შესამჩნევი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, საკიდარს ოპტიმალურ რეჟიმში მომართავს. ძრავით აქტიური დამუხრუჭების სისტემა, მოსახვევში და მკვეთრი შენელებისას, ძრავს დამუხრუჭებისთვის იყენებს. ოღონდ, სისტემის მუშაობას ელექტრონიკა ისე აკონტროლებს, რომ ავტომობილის მდგრადობა არ გაუარესდეს.
მესამე ახალი სისტემაა კვალის აქტიური კონტროლი. ის კომპლექსური სისტემაა და ბლომად სენსორებს იყენებს, რომელთა დახმარებითაც, სრულად აკონტროლებს სიჩქარეს, მოხვევის კუთხეს, დროსელის გაღების დონეს და დამუხრუჭების ხარისხს. მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, სისტემა ბორბლებს საჭიროების შესაბამისად, ინდივიდუალურად ამუხრუჭებს, რითაც მოსახვევში არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტი მცირდება. ამგვარად, უფრო მარტივი და უსაფრთხო ხდება მოსახვევების გავლა. ამ სისტემის მუშაობა განსაკუთრებით სასარგებლოა მოყინულ და სველ გზაზე გადაადგილებისას.
აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანია ახალ „X-ტრეილს“ მთელს მსოფლიოში გაბნეულ ცხრა ქარხანაში გამოუშვებს. ამ ავტომობილის გაყიდვები 2014 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment