დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 12, 2013

სებასტიან ლოების ახალი ბედაური

Citroën WTCC C-Elysee Racecar leaves the dirt behind
12 სექტემბერი
ერთი თვის წინ, „სიტროენმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ტურიზმის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ) მიიღებს მონაწილეობას და მისი ორი ავტომობილიდან ერთის საჭეს ლეგენდარული ფრანგი მრბოლი, რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები მიუჯდება. „სიტროენ WTCC C-ელისე“, ასე ჰქვია ავტომობილს, რომლითაც ლოები ახალი მწვერვალის დაპყრობას ეცდება.
ფრანგული კომპანია არ მალავს, რომ რბოლებში მონაწილეობით (ლოებს პარტნიორობას ტურინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ფრანგი ივან მიულერი გაუწევს), სერიული „C-ელისეს“ რეკლამირებას აპირებს, რომელიც გლობალური პროდუქტი ხდება და მალე საფრანგეთის გარდა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ასევე ჩინეთში გაიყიდება. სხვათა შორის, WTCC-ს ეტაპები უკვე ამ რეგიონებშიც ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგები კი, კომერციაში წარმატების საწინდარი გახდება.
„სიტროენ რეისინგის“ ტექნიკური დრექტორი ქსავიე მესტელან-პინიონი ამბობს, რომ სარბოლოდ მოსამზადებლად სედანის არჩევა, აეროდინამიკაში მისმა უპირატესობამ განაპირობა. „ამ ასპექტის გარდა, ამ ავტომობილზე ბევრი სპეციფიკური ელემენტი საკმაოდ მარტივად დავაყენეთ. ეს ჩვენი პირველი სატრეკო სარბოლი ავტომობილია და ამიტომ, ხშირად გვიწევდა კითხვების დასმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ეს გამოწვევა საინტერესო და მიმზიდველია“, - ამბობს მესტელან-პინიონი.
სარბოლ „C-ელისეს“ ძალიან დაბალი კლირენსი აქვს. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ძალიან განიერ საბორბლე თაღებშია მოქცეული. ავტომობილს წინ ზორბა სპლიტერი ამშვენებს, რომლის ზედა ნაწილიც რადიატორის ქვედა მხარეს ევლება, ზემოდან კი მასზე ბამპერი ზის, რომლის ორივე კიდეშიც მუხრუჭების გაგრილების ლაყუჩებია მოქცეული. ბამპერის ზევით, ფსევდორადიატორს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ორი განივი ფირფიტა გაუყვება, რომლებიც შუაში სამკუთხა ფორმებს ქმნიან და კომპანიის ლოგოს - ორმაგ შევრონს აყალიბებენ. მანქანს უკან დიფუზორი, მაღლა აწეული დიდი ანტი ფრთა და ცენტრალური გამოსაბოლქვი ამშვენებს. მანქანის გვერდებზე, უკანა ბორბლების წინ, სამუხრუჭე ჰაერის ამღებებია. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4577 მმ, სიგანე 1 950 მმ, ბორბლებს შორის ბაზა 2 700 მმ, წინა და უკანა კვალი 1 750 მმ. ავტომობილის წონა 1 100 კილოგრამია.
ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და მას საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ამ აგრეგატს „სიტროენი“ რალის სარბოლო DS3 WRC-ზეც იყენებს. ოღონდ, რალიში სიმძლავრე შეზღუდულია, WTCC-ს ვერსიაზე ძრავის სიმძლავრე 380 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 400 ნიუტონმეტრს აღწევს. ოღონდ, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მანქანის სრულყოფის პროცესში, სიმძლავრეც გაიზრდება. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული, მამოძრავებელ ძალას, მექანიკური თვითბლოკირებადი დიფერენციალის გავლით, წინა ბორბლებს აწვდის.
სარბოლ მანქანას უკვე ჩაუტარდა პირველი ტესტი, ფრანკფურტული პრემიერის შემდეგ კი მას ტრეკზე დააბრუნებენ და მისი დახვეწის პროცესიც დაიწყება.

No comments:

Post a Comment