დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 5, 2013

ოქროს „კადილაკი“ ვის უნდა?

Liberace’s 24-Carat Gold-Plated 1931 Cadillac Up for Auction
5 სექტემბერი
როგორი უნდა იყოს ავტომობილი, რომლითაც საყოველთაო ყურადღება გარანტირებული იქნება? რა თქმა უნდა, ოქროთი უნდა იყოს მოვარაყებული. რა თქმა უნდა, ყველა არც დაიჯერებს, რომ ის ოქროსია. მაგრამ მის დანახვას ხომ აუცილებლად მოჰყვება ათასნაირი ისტორიები. ესე იგი, მისი პატრონიც უცბად გახდება პოპულარული. ჰოდა, ახლა ასეთი ნაუცბათევი პოპულარობის შანსი ყველას ექნება, ვისაც ამ ავტომობილში სოლიდური თანხის გადახდა შეუძლია.
1931 წელს გამოშვებული „კადილაკ 355 დროპ ჰედ კუპეს“ ძარა 24 კარატი ოქროთია მოვარაყებული. და ამ ავტომობილს მალე ბრიტანული სააუქციონო სახლი „ბარონსი“ ღია აუქციონზე გამოიტანს. მოთხოვნილი ფასი სულ რაღაც, 85 000 გირვანქა სტერლინგია. საკმაოდ შელახული კი არის (ალბათ მისი მოვლით დიდად არავინ იწუხებდა თავს), მაგრამ სამაგიეროდ, ერთ დროს ცნობილ ამერიკელ პიანისტ ვალენტინო ლიბერაჩის ეკუთვნოდა.
„ბარონსის“ ინფორმაციით, ავტომობილს მნიშვნელოვანი განახლება ესაჭიროება, რასაც ათეულობით ათასი გირვანქა სტერლინგი დასჭირდება. სარეკლამო ბანერში ასევე მითითებულია, რომ ერთ-ერთ გერმანულ მუზეუმში, ეს ავტომობილი „ლიბერაჩის კადილაკის“ სახელით, 12 წელი იდგა. სამწუხაროდ, ავტომობილის ემბლემაზე, ერთი ლალის თვალი დაკარგულია, გადაცემების შესაცვლელი ბერკეტის თავი ხისაა, ზოგიერთი დეტალი კი - ქრომირებულია.
ავტომობილი 5.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც 3-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. „ბარონსის“ ინფორმაციით, ავტომობილი გამართულია და მოძრაობა შეუძლია. მიზეზი, რის გამოც ის გასაყიდად გამოიტანეს, მარტივია - მისი ახლანდელი მფლობელის კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ მისი პატრონს ზოგიერთ ავტომობილზე უარის თქმა უწევს.

No comments:

Post a Comment