Hyundai Officially Reveals Bigger 2014 i10 City
Car
9 აგვისტო
„ჰიუნდაი i10“ პოპულარული ავტომობილია. იმდენად
პოპულარული, რომ ახლახანს კორეულმა კომპანიამ თავის თურქულ ქალაქ იზმიტის
ქარხანაში მისი წარმოება გაზარდა. ეს არის ევროპული სტანდარტით A კლასის ჰეჩბეკი,
რომელიც აზიური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა და საკმაოდ პატარა გაბარიტები
აქვს. თუმცა, მაინც შედარებით ფართო სალონითაც გამოირჩევა. და ახლა განახლების დრო
დაუდგა.
„ჰიუნდაი“ ახალი თაობის i10-ის ოფიციალურ პრემიერას
ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარებს, მანამდე კი ეს ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ჰეჩბეკის დიზაინი დაიხვეწა და უფრო ევროპული გახდა.
გაევროპელების ნიშანია ისიც, რომ გაბარიტებმა მოიმატა. და როგორც „ჰიუნდაი“ აცხადებს,
თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგულიც ამიერიდან i10-ს ექნება.
წინამორბედთან შედარებით, ახალი i10 80 მილიმეტრით
არის დაგრძელებული, თუმცა ბორბლებს შორის ბაზა მხოლოდ 5 მილიმეტრით გაიზარდა. ეს
ნიშნავს, რომ ავტომობილს გადმონაშვერი (როგორც ფოტოდან ჩანს, ფაქტობრივად მხოლოდ
წინა) გაეზარდა. ესეც იმიტომ, რომ ძრავი ოდნავ წინაა წაწეული. ამან სალონში ადგილი
გამოათავისუფლა და ის უფრო კომფორტული და ტევადი გახადა. ავტომობილმა სიგანეში 65 მილიმეტრით
მოიმატა, სიმაღლეში კი 50 მილიმეტრი დააკლდა. 10 პროცენტით, 252 ლიტრამდე არის
გაზრდილი საბარგული. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3645 მილიმეტრი, სიგანე 1660
მილიმეტრი, სიმაღლე 1500 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2385 მილიმეტრი.
„ახალი თაობის i10 ჩვენი კომპანიის მიერ წინ
გადადგმული მორიგი ნაბიჯია. მანქანის ყველა ნაწილი დაპროექტებული და შემუშავებულია
ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით“, - ამბობს
„ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი მმართველი დირექტორი ალან
რაშფორტი.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ძრავებსა და
ტრანსმისიაზე. დიდი ალბათობით, ძრავების გამაში სამ და ოთხცილინდრიანიაგრეგატები
შევა. სამიანის მოცულობა 1.0 ლიტრია, ოთხიანის კი - 1.25 ლიტრი. ავტომობილი
უსაფრთხოების სისტემებითაც აღიჭურვება. მათ შორის, პნევმობალიშებით და ელექტრონული
სტაბილიზაციის სისტემით. მრავალფეროვანი იქნება დამატებითი აღჭურვილობა, რომელსაც
მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.
ახალი „ჰიუნდაი i10-ის“ მსოფლიო პრემიერა
ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება და ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი
ინფორმაციაც იქ გამოქვეყნდება. იზმიტის ქარხანა მის წარმოებას სექტემბერშივე
დაიწყებს.
No comments:
Post a Comment