დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 22, 2013

„რეინჯ როვერების“ ჰიბრიდული ვერსიები

Land Rover Unveils Hybrid Range Rover Models
22 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ წარმოებისთვის ორი ახალი ავტომობილი მოამზადა, რომლებიც მისივე განმარტებით, „მსოფლიოში პირველი დიზელის ჰიბრიდებით აღჭურვილი უგზოობის პრემიუმ ავტომობილებია“. უფრო კონკრეტულად კი, ეს არის „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული ვერსიები. ორივე ავტომობილი V6 დიზელითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ისეთივე მახასიათებლებს იძლევა, როგორსაც TDV8 აგრეგატი და სამაგიეროდ, გაცილებით ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.
ორივე ავტომობილზე ერთიდაიგივე ჰიბრიდული აგრეგატია გამოყენებული და მათ პრაქტიკულად ერთნაირ მახასიათებლებს ანიჭებს, თუმცა ნაკლები წონის წყალობით, „სპორტს“ ოდნავ უკეთესი მახასიათებლები აქვს. მისი ხარჯი (კომბინირებული ციკლით) 100 კილომეტრზე 6.4 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყველაზე სუფთა „სპორტთან“ შედარებით, 26 პროცენტით ნაკლები.
ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 335 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 700 ნიუტონმეტრს. ამ აგრეგატის წყალობით, ჰიბრიდული „რეინჯ როვერ სპორტი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6.7 წამს ანდომებს. ცოტათი მოიმატა მაქსიმალურმა სიჩქარემაც, რომელიც ახლა 225 კმ/სთ-ია (არაჰიბრიდულის მაქსიმუმია 218 კმ/სთ).
ელექტრულ ძრავს, რომლის სიმძლავრე 47 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი 170 ნიუტონმეტრი, დამოუკიდებლად შეუძლია ავტომობილის გადაადგილება. ოღონდ, მხოლოდ 1.6 კილომეტრზე და მაქსიმუმ 48 კმ/სთ სიჩქარით. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროძრავი ქალაქის გადატვირთულ გზებზე მოძრაობისას, ხშირი გაჩერების და დაძვრის პროცესში მისწრება იქნება და საწვავის დაზოგვაში დაგეხმარებათ. სხვათა შორის, ჩვეულებრივ მოდელებთან შედარებით, ჰიბრიდული ვერსიები 120 კილოგრამით მძიმეა.
იმისათვის, რომ ჰიბრიდული ავტომობილების გამძლეობა და უგზოობის თვისებები არ გაუარესებულა, „ლენდ როვერმა“ მათთვის სპეციალური ექსპედიცია დაგეგმა სახელწოდებით „სილკ ტრეილ 2013“. მასში მონაწილეობას ჰიბრიდული „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ მიიღებენ. ის სტარტს ბრიტანეთში აიღებს და ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნის გავლის შემდეგ, მუმბაიში (ყოფილი ბომბეი, ინდოეთი) დასრულდება. სულ ეკიპაჟებს დაახლოებით 16 000 კილომეტრის გავლა მოუწევთ.
ჰიბრიდულ „რეინჯ როვერსა“ და „რეინჯ როვერ სპორტზე“ შეკვეთების მიღებას ბრიტანული კომპანია 10 სექტემბერს დაიწყებს, შეკვეთების დაკმაყოფილებას კი მომავალი წლიდან შეუდგება.

No comments:

Post a Comment