დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 20, 2013

რაიკონენის „ფერარიში“ დაბრუნება გამორიცხული არაა

Raikkonen not ruling out Ferrari return - manager
20 აგვისტო
კიმი რაიკონენის მენეჯერი არ გამორიცხავს ფინელი მრბოლის „ფერარიში“ დაბრუნებას. მართალია, იტალიურმა გუნდმა უარყო ეს ვერსია, მაგრამ სტივ რობერტსონმა ბიბისისთან საუბრისას განაცხადა: „სანამ გუნდები თავიანთ შემადგენლობას ოფიციალურად გამოაცხადებენ, ჩემი საქმეა, მათთან მოლაპარაკება ვაწარმოო“. ფ1-ის ენაზე ეს ნიშნავს, რომ რობერტსონი „ფერარისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. უბრალოდ, გამოცდილმა მენეჯერმა ამის პირდაპირ თქმა არ ისურვა.
ბრაზილიურ გაზეთ „ო ეშტადუ დე სან პაულუსთან“ საუბრისას, რობერტსონმა განაცხადა, რომ „ლოტუსის“ გარდა, რაიკონენს ერთზე მეტი ვარიანტი აქვს. ოღონდ, ეს ვარიანტები არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ, ფეისბუკზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფერარის“ გარდა, ერთი ვარიანტი „მერსედესია“.
ბრაზილიელი კორესპონდნტი ლივიუ ორიკიო ამბობს, რომ „რედ ბულის“ შეფ კრისტიან ჰორნერს რაიკონენთან კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ჰელმუტ მარკო წასულა, რომელმაც „რედ ბულის“ მფლობელ დიტრიხ მატეშიცს რაიკონენის გადმოყვანა გადააფიქრებინა. მარკოს ფავორიტი ავსტრალიელი დანიელ რიკიარდოა, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმებას წითელი ხარები სპაზე ოფიციალურად გამოაცხადებენ.
დაბოლოს, ტვიტერზე ფერნანდო ალონსომ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. სამურაების სიბრძნის კომენტირებისას, მან შემდეგი განაცხადა: „მებრძოლი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ხმალს გამოიყენებს, მამაცად ვერ ჩაითვლება. მამაცი კაცი ამას უპასუხოდ დატოვებს, რადგან მას უფრო მაღალი მიზნები ამოძრავებს“.
რა თქმა უნდა, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის თავს იკავებს ლუკა დი მონტეძემოლოსთან პოლემიკაში შესვლისგან. როგორც ცნობილია, ლუკამ ახლახანს ის გააკრიტიკა. ალონსოსთვის უფრო მაღალი მიზანი ჩემპიონის ტიტულია. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მალე მან ლუკას ხურდაც დაუბრუნოს, ეს კი სხვაგან გადასვლა იქნება...

No comments:

Post a Comment