Red Bull also leads pitstop race in 2013
10 აგვისტო
სანამ ფორმულა ერთი საზაფხულო არდადეგებზეა, გერმანულმა
ჟურნალმა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“, სეზონის განვლილი ნახევრის საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა,
რომლებიც პიტსტოპების შესრულების საუკეთესო დროებს ეხება. სტატიის მიხედვით, ბოქსებში
მანქანების მომსახურებისას, ყველაზე სწრაფად „რედ ბულის“ მექანიკოსები ირჯებიან.
ჟურნალის მონაცემებით, ავსტრიული გუნდი სებასტიან
ფეტელს და მარკ ვებერს საშუალოდ 2.83 წამში უცვლიან ბორბლებს. „მაკლარენის“ სპორტული
დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში, მისი გუნდის
მექანიკოსები „რედ ბულისას“ 0.3 წამით სჯობდნენ. მაგრამ უოკინგელებმა ამჯერად
ბოქსშიც დათმეს პოზიცია. მეორე ადგილზე „ფერარია“, რომელიც თავის პილოტებს
საშუალოდ 2.9 წამში ემსახურება. მესამეზე კი „მერსედესია“ – 3.06 წამი.
„აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ასევე დასძენს, რომ
ცალკეული უსწრაფესი პიტსტოპიც „რედ ბულს“ ეკუთვნის, რომელმაც მალაიზიაში ვებერს
წარმოუდგენელ დროში - 2.13 წამში შეუცვალა ბორბლები. თუმცა, სამქიმიანები
იქადნიან, რომ ამაზე სწრაფადაც კი შეუძლიათ. ისინი ირწმუნებიან, რომ ნურბურგრინგზე
ვარჯიშისას, მათმა ბიჭებმა მანქანას ოთხივე ბორბალი 1.6 წამში შეუცვალეს! თუმცა, „მერსედესის“
სპორტული დირექტორი რონ მიდოუსი იმასაც აღიარებს, რომ ვარჯიშის დროს, სარბოლო
დაძაბულობა არაა, რაც მექანიკოსებს მეტი სისწრაფის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ყველაფერი კარგი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ
მომავალი სეზონიდან პიტსტოპების მინიმალური დრო შეიზღუდბა. ეს საკითხი იმავე
ნურბურგრინგის რბოლისას ბოქსებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა აქტუალური. იქ
ვებერს ბორბალი მოსძვრა, რომელიც ერთ-ერთ ტელეოპერატორს მოხვდა. გარდა ამისა,
იგეგმება კონსტრუქციაში დამატებითი ელემენტის შეტანა, რომელიც ბორბლის მანქანიდან
მოწყვეტას აღკვეთს.
როგორც
„აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, „რედ ბულმა“ უნგრეთში ნებაყოფლობით გამოსცადა ასეთი
დეტალი, რის გამოც, თავის პილოტებს საშუალოდ ნახევარი წამით ნელა მოემსახურა.
No comments:
Post a Comment