Ford to build current, next F-150 pickup at same
time, report says
29 ივლისი
„ფორდ მოტორი“ თავის პოპულარულ პიკაპ F-150-ის
ერთდროულად ორი, ძველი და ახალი თაობის მოდელების წარმოებას აპირებს. ოღონდ, ეს
მხოლოდ ექვს თვეს გასტანს და ამის მიზეზი ისაა, რომ მიწოდებისას ჩავარდნები გამოირიცხოს.
ამერიკული კომპანია ახალი პიკაპის წარმოების დაწყებას მომავალი წლის ივლისში
გეგმავს. ძველი მოდელის წარმოება კი იმავე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ახლანდელი თაობის F-150-ის
წარმოების მზადების პროცესი (2008 წელს) შედარებით ნლი ტემპით განხორციელდა. ამის
მიზეზი კი ის გარემოება იყო, რომ იმ დროს, საწვავზე ფასების უსაშველოდ გაზრდის
გამო, ამერიკაში ხარჯიან ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და
„ფორდშიც“ არავინ დარდობდა წარმოების შეყოვნებაზე. ამჯერად კი სულ სხვა სიტუაციაა
შექმნილი - ცისფერი ოვალი პიკაპებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძლივს აუდის.
პიკაპების სეგმენტში გაყიდვები კი, მთლიანად ამერიკული საავტომობილო ბაზრის ზრდის
ტემპზე სამჯერ მეტად არის გაზრდილი.
„ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებას, ქარხნის
გადაიარაღება სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ მცირე ხნით ქარხნის გაჩერება მოგიწევს.
ამის გაკეთება კი იმ დროს, როცა ასეთი მოთხოვნაა, ურთულესი გამოწვევაა“, - ამბობს
კომპანია „IHS ავტომოტივის“ ანალიტიკოსი მაიკ ჯეკსონი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გლობალური მასშტაბით,
„ფორდის“ მოგების დაახლოებით 90 პროცენტი პიკაპებს და მათ ბაზაზე წარმოებულ უგზოობის
ავტომობილებს მოაქვს, გასაკვირი არ იქნება კომპანიის ასეთი არაორდინარული
გადაწყვეტილება. ცისფერი ოვალი F-150-ს კანზას სიტიში (შტატი მისური) და დირბორნში
(შტატი მიჩიგანი) აწარმოებს. დირბორნული ქარხანა ახლახანს ერთი კვირით, სწორედ გადაიარაღების
გამო იყო გაჩერებული.
ფორდმა ახალი F-150-ის კონცეპტუალური ვერსია,
სახელად „ატლასი“ (ფოტოზე), დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ეს
ავტომობილი თავისი აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა და რაც მთავარია, ახლანდელი
თაობის მოდელზე მსუბუქია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პიკაპი ძველზე დაახლოებით
320 კილოგრამით მსუბუქი იქნება. შემსუბუქება ალუმინის და სხვა მსუბუქი მასალების
უფრო ინტენსიური გამოყენბით მიიღწევა. საერთოდ, ალუმინი ფოლადზე დაახლოებით სამჯერ
მსუბუქია, მაგრამ მაკომპლექტებლების და ძარის ნაწილების ალუმინისგან
წარმოებისთვის, სრულიად განსხვავებული დანადგარებია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ „ფორდს“ ორი თაობის მოდელები
ერთდროულად ადრეც უწარმოებია. ასეთი გადაფარვა ძირითადად კარგად გაყიდვად
ავტომობილებს ეხება ხოლმე. იგივე პრაქტიკას „ჯენერალ მოტორსიც“ ხშირად იყენებს.
მაგალითად, გენერლები ამჟამად „შევროლე იმპალას“ ძველსა და ახალ ვერსიებს
აწარმოებენ.
No comments:
Post a Comment