- Ferrari offers Raikkonen seat for 2014
- Ferrari plays down Raikkonen return reports
31 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა ერთში სატრანსფერო
ეგრეთ წოდებული „სილი სიზონი“ გახურდა. საერთოდ, ის უფრო ადრე იწყება ხოლმე,
მაგრამ ნამდვილი „საგიჟეთი“ სწორედ ბუდაპეშტის შემდეგ დაიწყო. ჯერ გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ფერნანდო ალონსო „რედ ბულში“ გადადის, რაც მალევე უარყვეს. შემდეგ
პრესა ალონსოსა და „ფერარის“ შორის ურთიერთობის დაძაბვაზე ალაპარაკდა, მაგრამ ლუკა
დი მონტეძემოლომ ეს ინფორმაციაც უარყო. ახლახანს კი გერმანულ პრესაში გავრცელდა
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიმი რაიკონენი „რედ ბულში“ კი არა, „ფერარიში“
გადადის.
ფაქტია, რომ „რედ ბულში“ ვაკანსია მას შემდეგ
წარმოიქმნა, რაც მარკ ვებერმა „პორშესთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამ ვაკანსიაზე
ამჟამად რეალურად ორი კანდიდატურა განიხილება. ერთია რაიკონენი, რომელსაც „ლოტუსთან“
კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება. მეორეა „რედ ბულის“ ფარმ გუნდ „ტორო
როსოში“ მოასპარეზე დანიელ რიკიარდო. ავსტრიული საჯინიბოს ფავორიტი ფინელი
პილოტია, თუმცა „ლოტუსსაც“ სურს მისი შენარჩუნება.
„რედ ბული“ კიმის ხელსაყრელ კონტრაქტს სთავაზობს. ფიქსირებული
ანაზღაურება 15 მილიონი დოლარი, რასაც ემატება ბონუსები დაგროვებული ქულების
შესაბამისად. გარდა ამისა, „წითელი ხარები“ კიმის მოტოქროსის და ყინულის ჰოკეის
გუნდებსაც გაუწევენ სპონსორობას. რაც შეეხება „ფერარის“, როგორც გერმანული
გამოცემა „ბილდი“ იუწყება, მარანელოელები ფინელს 15 მილიონ დოლარზე მეტს სთავაზობენ.
„ლოტუსი“ ამ ეტაპზე კიმის მხოლოდ იმას პირდება, რომ გუნდი განვითარებას
გააგრძელებს და შესაბამისად, პილოტს ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს, რაც
კიმისთვის მთავარია.
შეგახსენებთ, რომ რაიკონენმა „ფერარიში“ სამი სეზონი
გაატარა და ერთი ტიტული მოიპოვა (2007 წელს). მაგრამ 2009 წელს გუნდის დატოვება
კონტრაქტის ამოწურვამდე მოუხდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ფერარიში“ ალონსო
მოვიდა. მაშინ იტალიურმა გუნდმა რაიკონენს ხელფასი (ზოგი ვერსიით 15 მილიონი დოლარი)
იმ პირობით შეუნარჩუნა, თუ ის კონკურენტ გუნდში არ გადავიდოდა. კიმიმაც აიღო და
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაბარგდა, რაზეც დიდხანს ოცნებობდა. ორი სეზონის შემდეგ
კი ფ1-ს დაუბრუნდა.
მაგრამ დღეს „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ რაიკონენისთვის
დაბრუნება არ შეუთავაზებია. ახალი ამბების გერმანულ სააგენტო DPA-სთან
საუბრისას, იტალიური საჯინიბოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი „ამ
ეტაპზე, მრბოლთა ბაზრით დაინტერესებული არაა“. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ფელიპე
მასას კონტრაქტიც ამ სეზონის ბოლოს ამოიწურება და დიდი შანსია იმისა, რომ სკუდერიამ
ბრაზილიელის დატოვება აღარ მოისურვოს.
No comments:
Post a Comment