დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

ფორმულა 1-ის რუქაზე შეიძლება ბაქო გამოჩნდეს

6 ივლისი
და ამაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ბერნი ეკლსტოუნი ლაპარაკობს. გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ, ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მმართველმა გერმანულ გაზეთ „დი ველტთან“ ინტერვიუში, რომელიც ფ1-ის აქტუალურ თემებს შეეხო, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ორი ახალი ეტაპის დამატება იგეგმება, აზიაში კი სერიოზულად განიხილება ტაილანდის და აზერბაიჯანის ვარიანტები. ბერნის თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფ1-ის რბოლა ბაქოშიც ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ფ1-ის გუნდები მუდმივად სწუხან იმაზე, რომ სეზონი ძალიან გრძელია და თუ კალენდრის გაფართოება არ შეჩერდა, მათ მექანიკოსთა ორ-ორი სრულფასოვანი გუნდის დაკომპლექტება მოუწევთ, რათა მათ პერიოდულად ერთმანეთი შეცვალონ. ასევე რთულდება და ძვირდება ლოჯისტიკა. სამაგიეროდ, იზრდება როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორთა, ასევე გუნდების შემოსავლები. და ბერნის სწორედ კალენდრის კიდევ უფრო გაფართოებისკენ უჭირავს გეზი.
ცნობისათვის, ამჟამდ კალენდარში მხოლოდ ერთი ამერიკული ეტაპია და ისიც პირველად გასულ სეზონში ჩატარდა. მას ოსტინის უახლესმა ტრეკმა უმასპინძლა, რომელმაც მრბოლების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. რიგში დგას ნიუ ჯერსის საქალაქო ტრასა, რომელიც კალენდარში მომავალი სეზონიდან გამოჩნდება. მესამე ამერიკული ეტაპის მასპინძლად კი ბერნის ლონგ ბიჩი (კალიფორნია) სურს.
რაც შეეხება ბაქოს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში ფ1-ის ბოლიდმა პირველად შარშან გაინავარდა - „რედ ბულმა“ იქ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, თავისი გუნდის საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო, რომელშიც დევიდ კულტჰარდმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ის ღონისძიება ავსტრიული კომპანიის ქართული ოფისის მიერ იყო ორგანიზებული და მასში ქართველი (დათა ქაჯაია და კონსტანტინე კოლიაშვილი, ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილებით) და უკრაინელი მრბოლებიც მონაწილეობდნენ.
„რედ ბულის“ შემდეგ, ბაქომ სიტი ჩელინჯს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა ფ1-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა მიიღო. იმავე რბოლის თანმხლებად, იქვე ფ1-ის ისტორიული ბოლიდების რბოლაც ჩატარდა. ამ სეზონის მიწურულს კი ბაქოში FIA GT-ს სერიის ბოლო ეტაპი ჩატარდება...

No comments:

Post a Comment