დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 9, 2013

„იაგუარ ლენდ როვერი“ ვირტუალური სიმულაციის ტექნოლოგიას განავითარებს

JLR to lead £10m joint virtual engineering research programme
9 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებს კვლევითი პროგრამისთვის, რომლის მიზანიც ისაა, რომ ბრიტანეთი ვირტუალური საიჟინრო სიმულაციების (მოდელირების) ტექნოლოგიების მხრივ, გლობალური ლიდერი გახდეს. პროგრამა ხუთწლიანია და მასში წამყვან როლს, ბრიტანეთის ოთხი უნივერსიტეტის გარდა, საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი საბჭო (EPSRC) ასრულებენ.
„იაგუარ ლენდ როვერის“ და ბრიტანეთის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების მიზანი, მოწინავე სიმულაციური საშუალებების და პროცესების შემუშავებაა. კერძოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ არსებული კომპიუტერული სიმულატორების შესაძლებლობების და ხარისხის ახალ დონეზე აყვანას. უნდა გაუმჯობესდეს ვიზუალური შესაძლებლობები, მომავლის სიმულატორებს კი ხმის და სუნის გამოცემის უნარიც უნდა ჰქონდეს, რაც მათ რეალურ პირობებთან კიდევ უფრო მიაახლოვებს.
მოდელირების მოწინავე საშუალებების გამოყენებით, „იაგუარ ლენდ როვერის“ ინჟინრებს, ავტომობილების და მათი ცალკეული დეტალების და კვანძების უფრო სწრაფად დაპროექტების, შექმნისა ტესტირების საშუალება მიეცემათ. ამის წყალობით, შემცირდება ახალი ავტომობილების და აგრეგატების შემუშავების და ბაზარზე გამოტანის დრო და შესაბამისად, საბოლოო პროდუქტების ღირებულება. კომპანია ნაკლებად დამოკიდებული იქნება პროტოტიპების შემუშავებასა და მათს ტესტირებაზე. ესეც სიახლეების შექმნისა და ბაზარზე გამოტანის დროს და ღირებულებას შეამცირებს. ამასთან, ბრიტანულ კომპანიებს, სიახლეების უფრო სწრაფად დანერგვის საუალებაც მიეცემათ, რაც მათი ავტომობილების კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ნაკლებად დაზარალდება გარემოც.
სულ დაგეგმილია ხუთი პროექტის განხორციელება. „იაგუარ ლენდ როვერის“ და EPSRC-ს გარდა, სამუშაოებში ჩართულები არიან ლავბოროს უნივერსიტეტი, ლიდსის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და უორვიკის საწარმოო ჯგუფი. პროექტების დაფინანსებაში სამივე მხარე მონაწილეობს. „იაგუარ ლენდ როვერი“ და EPSRC პროექტს 4-4 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოახმარენ, პარტნიორი უნივერსიტეტები კი - 2 მილიონს.
კვლევის პროგრამა მოიცავს ავტომობილის, როგორც კომპლექსური სისტემის ანალიზს, მულტი-ფიზიკურ და მულტი-ფუნქციურ მოდელირებას, მართვის სიმულირებას, მაღალი წარმადობის გამოთვლების და მოდელირების მონაცემთა დამუშავებას,  ვიზუალიზაციასა და ვირტუალური ექსპერიმენტების ჩატარებას. ეს ყველაფერი, პროგრამის პირველ ფაზას შეადგენს და საერთო პროგრამის დაახლოებით 80 პროცენტს მოიცავს.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ტექნიკური დირექტორი ბობ ჯოისი ამბობს, რომ მისი კომპანია უკვე ინტენსიურად იყენებს კომპიუტერული მოდელირების უახლეს ტექნოლოგიებს. მაგრამ იმავდროულად, ვირტუალური სიმულაციის ტექნოლოგიების განვითარებით და ახალი პროდუქტების განვითარებისა და შემუშავებისთვის პროცესში მათი ადაპტაციით უფრო მეტადაა დაინტერესებული.

No comments:

Post a Comment