დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 23, 2013

კრისტენსენმა ლე მანი მეცხრედ მოიგო

Le Mans win tinged with tragedy for Kristensen
23 ივნისი
45 წლის დანიელმა ტომ კრისტენსენმა მეცხრედ მოიგო ლე მანის 24-სათიანი რბოლა. ეს ამ პოპულარული რბოლის რეკორდია, რომელიც ამ გამარჯვებამდეც კრისტენსენს ეკუთვნოდა. და ეს გამარჯვება მან ამავე რბოლაში დაღუპული თანამემამულის, ალან სიმონსენის ხსოვნას მიუძღვნა.
დანიის ყველაზე წარმატებულ მრბოლს სურდა, რომ მეცხრე გამარჯვება მამისთვის პატივისცემის გამოსახატად მიეძღვნა, მაგრამ რბოლის დასაწყისში მომხდარმა ტრაგედიამ გეგმა შეაცვლევინა. „ის ჩემს შემდეგ გამარჯვებამდე მოიცდის. ამ გამარჯვებას კი ჩემს თანამემამულე ალან სიმონსენის ხსოვნას ვუძღვნი“, - ნარბოლევს განაცხადა კრისტენსენმა, ვისაც ერთ-ერთმა პირველმა გამარჯვება ლეგენდარულმა ბელგიელმა ჯეკი იქსმა მიულოცა. სწორედ იქსი იყო ის მრბოლი, ვისაც ლე მანი 2005 წლამდე ყველაზე მეტჯერ ჰქონდა მოგებულული.
დანიელი მრბოლის გარდა, ლე მანის მორიგი მიღწევა „აუდის“ საქარხნო გუნდმაც დააფიქსირა. გერმანულმა კომპანიამ ზედიზედ მეოთხედ და სულ კი მეთორმეტედ (ბოლო 14 სეზონში) მოიგო ლე მანი. ცნობისათვის, ამ გამარჯვებამდე, კრისტენსენმა „აუდის“ მანქანით ლე მანი ბოლოს 2008 წელს მოიგო. მის გარდა, მე-2 ნომრიან დიზელ-ჰიბრიდულ პროტოტიპს ბრიტანელი ალან მაკნიში და ფრანგი ლოიკ დუვალი მართავდნენ. მაკნიშისთვის ეს ლე მანზე აბსოლუტურ ჩათვლაში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა, დუვალმა კი გამარჯვებულის შამპანურის შხაპი პირველად მიიღო.
ლე მანის 81-ე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა „ტოიოტას“ ეკიპაჟმა, რომლის საჭესაც ბრიტანელი ენტონი დევიდსონი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და ფრანგი სტეფან სარაზენი მართავდნენ. „იაპონურმა პროტოტიპმა გამარჯვებულთან ერთი წრე წააგო, არადა ფინიშამდე ნახევარი საათით ადრე, ბუემიმ შეძლო ლიდერის წრეზე დაბრუნება.
„ტოიოტასთვის“ ეს ლე მანზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. იაპონური გუნდის მეორე ეკიპაჟმა მეოთხემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. აღსანიშნავია, რომ დევიდსონს შარშან სარტეს ტრეკზე უმძიმესი ავარია შეემთხვა, რომელშიც ზურგის ტრავმა მიიღო. სიმონსენის ხსოვნას დევიდსონმაც მიაგო პატივი. დანიელი მისი ძველი მეტოქე იყო - ჯერ კიდევ კარტის პატარა მანქანებით რბოლებში.
კვარცხლბეკის მესამე საფეხური „აუდის“ ეკიპაჟის პილოტებმა - ესპანელმა მარკ ჟენემ, ბრიტანელმა ოლივერ იარვისმა და ბრაზილიელმა ლუკას დი გრასიმ დაიკავეს. რაც შეეხება „ტოიოტას“ მეორე ეკიპაჟს, მის საჭეს ავსტრიელი ალექს ვურცი, იაპონელი კაძუკი ნაკაძიმა და ფრანგი ნიკოლას ლაპიერი მართავდნენ.

მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა „აუდის“ მესამე ეკიპაჟი, რომელშიც წინა ორი ლე მანის ჩემპიონი, გერმანელი ანდრე ლოტერერი შედიოდა. რბოლის პირველი მეოთხედის შემდეგ, ლოტერერის მანქანაზე ძრავის გენერატორი დაზიანდა, რომლის რემონტსაც 43 წუთი დასჭირდა. ტრასაზე დაბრუნებული მანქანა, ლიდერისგან 12 წრეში, 24-ე ადგილზე აღმოჩნდა. პრობლემები ჟენეს „აუდისაც“ შეექმნა, რომელზეც უკანა საბურავი გასკდა და მანქანის ამ ნაწილის აეროდინამიკური ელემენტები დააზიანა. ამის გამო, ეკიპაჟმა მეოთხეზე გადაინაცვლა და მთელი ღამე ამ პოზიციაზე დარჩა, თუმცა შემდეგ გამარჯვებულთან მხოლოდ ერთი წრე დათმო.

ლე მანის 24-საათიანი რბოლის შედეგები (პირველი ათეული)
1. კრისტენსენი/დუვალი/მაკნიში (აუდი, P1)                                       24:01:16.436
2. დევიდსონი/ბუემი/სარაზენი (ტოიოტა, P1)                                     +1 წრე
3. ჟენე/დი გრასი/იარვისი (აუდი, P1)                                                    +1 წრე
4. ვურცი/ლაპიერი/ნაკაძიმა (ტოიოტა, P1)                                              +7 წრე
5. ლოტერერი/ფასლერი/ტრელუიე (აუდი, P1)                                    +10 წრე
6. ლევენტისი/ვატსი/კანე (სტრაკა HPD, P1)                                         +16 წრე
7. ბაგეტე/გონსალესი/პლოუმენი (OAK მორგან-ნისანი, P2)              +19 წრე
8. პლა/ჰაინემაიერ ჰანსონი/ბრანდლი (OAK მორგან-ნისანი, P2)     +20 წრე
9. რუსინოვ/მარტინ/კონვეი (დელტა-ADR ორეკა-ნისანი, P2)           +21 წრე
10. მარდენბურგი/ორდონესი/კრუმი (გრივს ციტეკ-ნისანი, P2)       +21 წრე

No comments:

Post a Comment