დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 4, 2013

„ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ქროსბლიუ კუპე“

VW’s CrossBlue Coupe Concept
4 მაისი

ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა შანჰაის საავტომობილო გამოფენაზე შედგა და რიგ მიზეზთა გამო, მას ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ. „ქროსბლიუ კუპე“ თავისი უჩვეულოდ აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რამაც საავტომობილო ფორუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატად აქცია. ის არის ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი და რაც მთავარია, მალე გერმანული კომპანიის ისედაც დიდ სამოდელო გამას შეავსებს.

„ქროსბლიუ კუპე“ არის „ტიგუანზე“ გრძელი, განიერი და მაღალი ავტომობილი. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.89 მეტრი, სიგანე 2.01 მეტრი და სიმაღლე 1.68 მეტრი. ის შიდაწვის ძრავითა და ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც, ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 235 კმ/სთ-ს აღწევს.

კონცეპტუალური სპორტული ქროსოვერის ჰიბრიდული ძალური დანადგარის მაქსიმალური სიმძლავრე 415 ცხენის ძალას აღწევს და ეს ძალა ოთხივე წამყვან ბორბალს მიეწოდება. სიმძლავრის უმეტეს ულუფას (295 ცხ.ძ) ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი იძლევა, რომელიც ორქუროიან DSG ტრანსმისიასთანაა დაკავშირებული. ელექტროძრავები წინა და უკანა ღერძებზეა განლაგებული და ისინი ბორბლებს დამატებითი მამოძრავებელი ძალით ამარაგებენ. ელექტროძრავები ენერგიას ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ, რომლის ტევადობაც (9.8 კილოვატსაათი) საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მხოლოდ ელექტრული წევით 33 კილომეტრი გაიაროს. ამ დროს მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ის დონეზეა შეზღუდული (ენერგიის ეკონომიის მიზნით), რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას, „ქროსბლიუ კუპეს“ აუცილებლად დასჭირდება შიდაწვის ძრავი.
რა თქმა უნდა, ჰიბრიდული დანადგარისგან მთავარი ხეირი, საწვავის ეკონომიური მოხმარებაა. კონცეპტუალურ ავტომობილს, ელექტროძრავების გარეშე, 100 კილომეტრის გასავლელად 6.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მათთან ერთად კი ხარჯი 3.0 ლიტრამდე ეცემა. ეს კი ნიშნავს, რომ 80-ლიტრიანი ავზით, „ქროსბლიუ კუპეს“ დაახლოებით 1200 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ავტომობილის ინტერიერი ნაკლებად კონცეპტუალურია და შეიძება ითქვას, რომ მინიმალური ცვლილებებით შეუძლია კონვეიერამდე მისვლა. რელიზი გვამცნობს, რომ მასში ხუთი კომფორტული სავარძელია მოთავსებული. ინფოტაინმენტ სისტემაში მთავარი ადგილი 10.1-დუიმიან სენსორულ ეკრანს უკავია, რომელიც ცენტრალური კონსოლოს ზედა ნაწილშია მოთავსებული.
როგორც „ფოლკსვაგენის“ დიზაინის შეფი კლაუს ბიშოფი ამბობს, კონცეპტუალურ „ქროსბლიუ კუპეს“ სტილის ზოგიერთი ელემენტი, კომპანიის მომავალი ავტომობილების სტილზე აისახება. მას არაფერი უთქვამს უშუალოდ ამ ავტომობილის მომავალზე.

No comments:

Post a Comment