დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 31, 2013

ახალი „რენო მეგანი“ თბილისშია

31 მაისი
„რენოს“ ავტომობილების ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია „ავტო სტაილმა“, ქართულ ბაზარზე განახლებულ ჰეჩბეკ „მეგანის“ და სედან „ფლუენსის“ გაყიდვები დაიწყო. ორივე ავტომობილის მთავარი სიახლეა ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავი და უსაფეხურო ვარიატორი CVT X-ტრონიკი, რომლებიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
საქართველოში „რენო მეგანი“ თურქეთიდან ბურსას ქარხნიდან შემოდის. ეს ქარხანა წლიურად 350 000 ავტომობილს აწარნმოებს, რომელთაგან 30 000 „მეგანია“. აღსანიშნავია, რომ ბურსაში წარმოებული ავტომობილები, საკუთრივ თურქეთის გარდა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იყიდება. საბაზო კომპლექტაცია „იქსპრეშნით“, განახლებული „მეგანი“ (ვერსია კოლექშნ, 1.6-ლიტრიანი 114-ცხენისძალიანი ძრავით) 14 760 ევრო ღირს. ყველაზე იაფი „ფლუენსი“ კი (კომპლექტაცია აუთენტიკ) 13 680 ევრო ღირს.
აღსანიშნავია, რომ „ფლუენსი“ ფრანგული კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც მთავარ დიზაინერ ლოურენს ფან დენ აკერის ხელმძღვანელობით შემუშავდა. „მეგანს“ კი ამ სტილში მალე გამოაწყობენ, როდესაც ბაზარზე მეოთხე თაობის ავტომობილი გამოვა. მანამდე კი ავტომობილი შუქდიოდური მთავარი ფარებით აღიჭურვა, რომლებიც გაცილებით უკეთესადაც ანათებს და ვიზუალურადაც უკეთ გამოიყურება. გარდა ამისა, გარე გაფორმებაში ქრომირებული დეტალები გაჩნდა, რომლებიც ავტომობილის უფრო სოლიდურ იერს ანიჭებს.
ინტერიერის გაფორმებაში, ყურადღება გამოყენებული მასალების ხარისხზე და შესრულების მაღალ დონეზე გამახვილდა. მაჩვენებლების დაფა და კონსოლი ისეთი მასალებისგანაა დამზადებული, რომ მზის შუქს შთანთქავს და ანარეკლს არ იწვევს. ამასთან, ეს დეტალები შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ყველაფერი კი კომფორტს და უსაფრთხოებას აუმჯობესებს. სავარძლები რამდენიმე მიმართულებით რეგულირდება, რაც მათს იდეალურად მორგების საშუალებას მოგცემთ.
„მეგანის“ ვერსია „კოლექშნს“ შემოგთავაზებენ თანამედროვე სისტემების მდიდარი კომპლექტით, რომელთა დანიშნულებაც, კომფორტის დონის გაზრდაა. კომპლექტში შედის: სისტემა „თავისუფალი ხელები“, ელექტროქრომული სარკე, რომელიც უკნიდან მომავალი მანქანისგან მინათებისას, შუქის სიმკვეთრეს აქრობს და ამგვარად, წამიერ დაბრმავებას გამორიცხავს, გარე სარკეების ელექტრონული დასაკეცი (მანქანის ჩაკეტვისას თავისით იკეცება და გაღებისას ადრე შერჩეულ პოზიციას იკავებს), ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, შუქის და წვიმის სენსორები, ავტომატური სადგომი მუხრუჭი, კრუიზ კონტროლი და სხვა. ვერსია „იქსპრეშნზე“ საბაზო კომპლექტაციაშია ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, რომელიც წინა სავარძლებისთვის განსხვავებული ტემპერატურის დაყენების საშუალებას იძლევა.
განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები: ABS (ბლოკირების საწინააღმდეგო), AFU (ექსტრემალური დამუხრუჭებისას დამხმარე), EBD (მუხრუჭების ძალის ელექტრონული განაწილება), უსაფრთხოების ექვსი ბალიში, სამწერტილოვანი რეგულირებადი ღვედები და ოპციით ESP (სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა).
ძრავების გამაში ახალია ბენზინის 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 114 ცხენის ძალას იძლევა. ის „რენოსა“ და „ნისანის“ ინჟინრების ერთობლივი პროდუქტია და 8 ცხენის ძალით გაზრდილი (114 ცხ.ძ) სიმძლავრის გარდა, წინამორბედზე ეკონომიურიცაა. ძრავის მაბრუნი მომენტი 155 ნიუტონმეტრია და ამ მაჩვენებელს ის 4000 ბრ/წთ-ზე აღწევს. ამ ძრავით, „მეგანს“ ადგილიდან ასის აკრეფა 11.9 წამში შეუძლია. ძრავი იმითაცაა საინტერესო, რომ საშუალო ბრუნვებზე შესაშურ ელასტიურობას ავლენს.
უსაფეხურო ვარიატორი X-ტრონიკიც ფრანგულ-იაპონური ალიანსის პროდუქტია. მისი სამუშაო რეჟიმი ავტომატურია, ოღონდ საფეხურების შეცვლის გარეშე მუშაობს - გადაცემის რიცხვი საფეხურების გარეშე, თანაბრად იცვლება და ამის გამო, ასეთ ტრანსმისიასთან ტანდემში მუშაობისას, ძრავის ბრუნთა რიცხვები არ კლებულობს და ავტომობილის სიჩქარის ზრდასთან ერთად, ბრუნვებიც უწყვეტად იზრდება. ეს კი საწვავის ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს, რადგან აქსელერატორზე ფეხი მუდმივად დაჭერილია (მექანიკური კოლოფის მუშაობისას, საფეხურის ყოველი შეცვლის შემდეგ, გაზს აწვებით, რაც საწვავის ინტენსიურ მოხმარებას იწვევს). მოკლედ, ვარიატორი საწვავის ხარჯის შესამცირებლად დააყენეს, თუმცა მას ერთი მინუსი აქვს აქსელერატორზე მკვეთრი ზეწოლისას ყოვნდება (ფიქრობს) და სიჩქარესაც თანდათან უმატებს. მაგრამ ტემტერამენტიანებისთვის, კოლოფს აქვს მექანიკური რეჟიმი, რომლის დახმარებითაც, სასურველი ტემპით აჩქარებაა შესაძლებელი. ძრავი კი ადრენალინს არ მოგაკლებთ. საერთო ჯამში, ქალაქში მართვისას, ვარიატორი საწვავის ეკონომიურ მოხმარებაში დაგეხმარებათ.
განახლებულ „მეგანს“ მხოლოდ CVT ტრანსმისიით, ორ - „იქსპრეშნ“ და “დინამიკ“ კომპლექტაციით შემოგთავაზებენ. პირველ შემთხვევაში, ძრავი 1.6-ლიტრიანი, ფასი კი 14 760 ევრო. მეორე შემთხვევაში, ძრავი 2.0-ლიტრიანია (142 ცხ.ძ), ფასი კი - 16 760 ევრო.

„ფლუენსის“ გამაში სამი ძრავი და სამი კომპლექტაცია შედის. მესამე ძრავია ძველი 1.6-ლიტრიანი, რომელიც 106 ცხენის ძალას იძლევა. ამ აგრეგატს მხოლოდ მექანიკური 5-საფეხურიანი კოლოფით, „აუთენტიკ“ და „იქსპრეშნ“ ვერსიებზე შემოგთავაზებენ, რომელთა ფასი, შესაბამისად 12 680 და 13 680 ევროა. ახალ 1.6-ლიტრიან ძრავს მხოლოდ CVT ვარიატორი უკავშირდება და მას მხოლოდ „იქსპრეშნ“ კომპლექტაციით, 15 180 ევროს ფასად შემოგთავაზებენ. 2.0-ლიტრიან ძრავსაც მხოლოდ CVT ვარიატორი უწყვილდება. მას „იქსპრეშნ“ და „დინამიკ“ კომპლექტაციით შემოგთავაზებენ, რომელთა ფასიც შესაბამისად, 16 180 და 17 380 ევროა.

No comments:

Post a Comment