დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 24, 2013

„ფორდის“ სამცილინდრიანი ეკობუსტით „დაიმლერი“ დაინტერესდა


Daimler Consults with Ford for Creation of New Three-Cylinder Turbocharged Engine
24 მაისი
„ფორდი“ თავის კონკურენტებს ერთი თავით სჯობს პატარა ტურბოძრავების წარმოების საქმეში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მისი სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი გამოირჩევა, რომელიც მძლავრი, ეკონომიური, მსუბუქი და იმავდროულად, გამძლე აგრეგატია. ამასთან, ცისფერი ოვალი თავის ნოუ-ჰაუს სხვებსაც უზიარებს. რა თქმა უნდა, სანაცვლო სარგებლის ფასად. მაგალითად, ამერიკული კომპანია „დაიმლერის“ ჯგუფს ეკობუსტის ზოგიერთ დეტალს უზიარებს. სანაცვლოდ კი მიიღებს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამონაბოლქვზე ევრო6 უმკაცრესი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

„ეს ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი ძრავია. მის თაობაზე, „ფორდის“ ინჟინრებთან გარკვეული დისკუსიები გვაქვს“, - გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას აღიარებს „მერსედეს-ბენცის“ ძრავების განვითარების დირექტორი როლანდ კემლერი, ვისაც ორი კომპანიის თანამშრომლობის ასპექტები არ დაუკონკრეტებია.
ცნობილია, რომ „დაიმლერი“ შემდეგი თაობის „სმარტის“ შექმნაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, პარტნიორული ურთიერთობა აქვს „რენოსთან“. სწორედ ფრანგული კომპანიის უახლესი „ტვინგოს“ პლატფორმაზე ააგებენ ახალ „სმარტ ფორთუს“, მაგრამ გერმანულ კომპანიას სურს, რომ თავისი ჯუჯა, ყოველმხრივ საუკეთესო ძღავით აღჭურვოს. ასეთად კი სამქიმიანებმა „ფორდის“ სამცილინდრიანი ეკობუსტი შეარჩიეს.
წინასწარი მონაცემებით, ახალ „სმარტ ფორთუზე“ გამოყენებული სამცილინდრიანი ტურბოძრავის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა არ იქნება 96 გრამზე მეტი. ეს კი ევრო6 სტანდარტს სრულად დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით ცნობილი არაა, „სმარტზე“ პირდაპირ რებრენდირებულ ეკობუსტს გამოიყენებენ, თუ მას წინასწარ მოდიფიკაცია ჩაუტარდება.
ეს თანამშრომლობა ერთადრთი არაა, რომელიც ორ კომპანიას აკავშირებს. ისინი „რენოსთან“ ერთად მუშაობენ საწვავის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიაზე. მათი მიზანი, ბაზარზე ამ ტიპის აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილების 2017 წელს გამოტანაა.

No comments:

Post a Comment