დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 1, 2013

„ჰიუნდაის“ სახეშეცვლილი „ეკუსის“ დებიუტი ნიუ იორკში

Hyundai Debuts 2014 Equus
1 აპრილი
ანალიტიკურ კომპანია „კომპეტის“ ინფორმაციით, ამერიკის პრემიუმ ლუქს სედანების კლასში, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, „ჰიუნდაი ეკუსია“ (მერსედეს-ბენცის S-კლასზე, მე-7 სერიის „ბეემვეზე“, „აუდი A8-ზე“, „ლექსუს LS-ზე“ და „იაგუარ XJ-ზე“) და ბუნებრივია, კორეულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია იმ რელიზში შეიტანა, რომლითაც ამ ავტომობილის სახეშეცვლილი ვერსია, ნიუ იორკის ავტო შოუზე წარადგინა. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, „ჰიუნდაიმ“ თავისი ლუქს სედანი განაახლა და მყიდველს ამიერიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს შესთავაზებს.
ინტერიერში მთავარი სიახლე ისაა, რომ იქ ვეღარ ნახავთ ანალოგურ (ციფერბლატიან) მაჩვენებლებს, რომელთა ნაცვლადაც, 7-დუიმიანი მრავალფუნქციური სენსორული მონიტორი მოგემსახურებათ. ტოპ ვერსიაზე ამ მონიტორის დიამეტრი 12.3 დუიმამდე იზრდება. რა თქმა უნდა, ეს მოსახერხებელია, მაგრამ არიან კონსერვატიული მყიდველები, რომლებსაც ზოგიერთი ფუნქციისთვის ისევ ანალოგური მაჩვენებლების გამოყენება ურჩევნიათ. სალონში ასევე განახლდა საჭის რგოლი, ცენტრალური პანელი, ასევე გამოყენებულია სპილოს ძვლის ფერის ტყავი. გარეგნობაში შეიცვალა მანქანის ცხვირი, ახალია უკან ხედვის სარკეები, გაბარიტული ფარების მოყვანილობა. მთლიანობაში კი „ეკუსის“ სტილი არ შეცვლილა.
გაუმჯობესებულია ავტომობილის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი წყალობითაც, ის უკეთ სამართავიც გახდა და კომფორტულიც. ამასთან, სპორტული თვისებებიც შეიძინა. შესაბამისად, განახლებული „ეკუსი“ მართვის სამ (სპორტ, ნორმალ და სნოუ) რეჟიმს გთავაზობთ.
განახლებულ „ეკუსს“ მამოძრავებელ ძალას ისევ „ტაუ-ს“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 429 ცხენის ძალაა (6 400 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 509 ნიუტონმეტრი (5 000 ბრ/წთ-ზე). ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილი ას კილომეტრზე 13 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. რელიზში ხაზგასმულია, რომ ეს ძრავი, „ლექსუს LS460-ის“ ძრავზე მძლავრი და მომენტიანია.
ავტომობილის წონა (არაა დაკონკრეტებული) თანაბრადაა განაწილებული წინა და უკანა ღერძებს შორის. ამით „ეკუსის“ მართვადობა გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზეა უსაფრთხოების სისტემები, რომელთა სიაც საკმაოდ გრძელია. ესენია: უხილავი არეების გამოვლენის სისტემა, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, ცხრა აირბალიში, წინა სავარძლების ელექტრონულად აქტივირებადი საკისრეები, საგზაო ზოლის დატოვების გამაფრთხილებელი სისტემა, საზრიანი კრუიზ კონტროლი, მანქანის სტაბილურობის მართვის სისტემა და სხვა.
კომფორტს ემსახურება სამზონიანი კლიმატ კონტროლი, თვითრეგულირებადი პნევმატური საკიდარი, გამათბობლით და გამაგრილებლით აღჭურვილი წინა სავარძლები, სალონის გასაწყობად გამოყენებული მაღალი ხარისხის მასალები, უკანა სავარძლების ავტომატურად დასაკეცი სისტემა და სხვა.
საერთოდ, ამ კლასის ავტომობილები ბევრი არასდროს იყიდება, მაგრამ „ჰიუნდაი“ განახლებული „ეკუსით“ კიდევ ერთხელ ახერხებს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.

No comments:

Post a Comment