დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 24, 2013

„ფორდმა“ მოგება 15 პროცენტით გაზარდა


Ford profit rises 15% on N.A. record
24 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი პირველი კვარტლის მოგება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 15 პროცენტით, 1.61 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. ასეთი მკვეთრი ზრდა კი პირველ რიგში, ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მიღებულმა რეკორდულმა მოგებამ განაპირობა, რამაც ევროპაში განცდილი დანაკარგები გადაფარა.

2006-2008 წლებში, „ფორდმა“ 30.1 მილიარდი დოლარი იზარალა, თუმცა მას შემდეგ, მოგებაზე მუშაობს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გადასახადების გადახდამდე 6 პროცენტით, 2.15 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული, რაც ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში დანაკარგებმა განაპირობა.
ჩრდილოამერიკის ბაზარზე, გადასახადების გადახდამდე მიღებული მოგება 14 პროცენტით, 2.44 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდული კვარტალური მაჩვენებელია. წინა რეკორდი შარშან, მესამე კვარტალში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ „ფორდმა“ ჩრდილოამერიკული შედეგების ცალკე გამოქვეყნება მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყო.
პირველ კვარტალში, მთელს მსოფლიოში გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 35.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. ამერიკულმა კომპანიამ შედარებით მცირე მოგება აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონშიც დააფიქსირა. ამერიკის ბაზარზე მარტის გაყიდვები 11 პროცენტით არის გაზრდილი. ეს მაშინ, როდესაც მთლიანად ბაზრის გაყიდვების ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა.
ევროპაში წაგებიანი ბიზნესი რომ არა, ამერიკული კომპანიის მოგება გაცილებით მეტი იქნებოდა. პირველი კვარტლის ზარალი, შარშანდელი 149 მილიონი დოლარიდან 462 მილიონამდე არის გაზრდილი. ამის მთავარი მიზეზი, ევროპაში გამეფებული რეცესიის პროცესია. ამან გამოიწვია გაყიდვების შემცირება. გარდა ამისა, სოლიდური თანხა რესტრუქტურიზაციაზე იხარჯება, რისი მიზანიც, ხარჯების შეკვეცა და ბიზნესის მოგებიან რელზებზე გადაყვანაა. რა თქმა უნდა, მოგების შემცირებას, ევროპული ვალუტის გამყარების დაწყებამაც შეუწყო ხელი.
ყოველივეს შედეგი კი ის იქნება, რომ ძელ კონტინენტზე, წლის განმავლობაში ამერიკული კომპანია 2 მილიარდ დოლარს იზარალებს. შედარებისთვის, შარშან ზარალი 1.75 მილიარდი დოლარი იყო. გადასახადების გადახდამდე საოპერაციო წაგებამ სამხრეთ ამერიკაში 218 მილიონს მიაღწია. არადა, შარშან წაგება 54 მილიონი იყო. სამაგიეროდ, მოგებაზე გადავიდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ბიზნესი, სადაც „ფორდმა“ შარშან 95 მილიონი დოლარი იზარალა. ამჯერად კი მოგებამ უმნიშვნელო თანხა - 6 მილიონი დოლარი შეადგინა.

No comments:

Post a Comment