დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 25, 2013

„ასტონ მარტინ რეპიდი“ „ბერტონეს“ ვერსიით

Bertone Makes a One-Off Shooting Brake Model Out of the Aston Martin Rapide
25 თებერვალი
კერძო შეკვეთებით ავტომობილებს „ასტონ მარტინიც“ ამზადებს. მისი ბრიტანელი შემკვეთი მალე მიიღებს ავტომობილს, რომელიც „ასტონმა“ ოთხკარიან კუპე „რეპიდის“ ბაზაზე, ეგრეთ წოდებულ შუტინგ ბრეიკ ძარით დაუმზადა. ავტომობილს „ჯეტ 2+2“ დაარქვეს, მისი დიზაინი კი იტალიურმა ატელიე „ბერტონემ“ შეიმუშავა. სწორედ „ბერტონე“ წარადგენს ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე, რის შემდეგაც, მას შემკვეთს გაუგზავნიან.

გარეგნულად ავტომობილმა შესაძლოა „პორშეს“ კონცეპტუალური „პანამერა სპორტს ტურიზმო“ გაგახსენოთ, რომელიც გერმანულმა კომპანიამ პარიზში შარშან გვიჩვენა. „ჯეტ 2+2“ დაგრძელებული სახურავით გამოირჩევა და შესაბამისად, მესამე საყრდენიც განსხვავებული აქვს. შეიცვალა მისი წინა და უკანა ნაწილების მოყვანილობა, უფრო მასიური და დაკუნთული ფორმა აქვს უკანა ბორბლების თაღებს.


შეცვლილია ინტერიერიც. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ოთხკარიანია, მისი სავარძლების ფორმულა არის 2+2, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა სავარძლებზე მყოფთათვის, კომფორტზე ოცნებაც კი არ ღირს. სამაგიეროდ, ინტერიერი ახალ ფერებში და ახალი მასალებით გააწყეს.


ავტომობილს მამოძრავებელ ძალას „რეპიდის“ V12 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 470 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრია. არადა შემკვეთს, ვისი ვინაობაც საიდუმლოდაა შენახული, შეეძლო „რეპიდ S-ის“ V12 ძრავი შეეკვეთა, რომლის სიმძლავრე 550 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 620 ნიუტონმეტრია. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერაც ჟენევაში ჩატარდება.
დაბოლოს, „ჯეტ 2+2“ არის ავტომობილი, რომელიც „ასტონ მარტინის“ და „ბერტონეს“ თანამშრომლობის 60 წლის იუბილეს ეძღვნება.

No comments:

Post a Comment