დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 22, 2013

ის აქ არის

ახალი „რეინჯ როვერი“ საქართველოშიც შემოვიდა
22 თებერვალი
ახალი რეინჯ როვერის დებიუტი თბილისის ივენტ ჰოლში
ჯერ ერთი წელი არაა, რაც ეს ავტომობილი ბაზარზე გამოვიდა და სულ რამდენიმე თვე ეყო იმისათვის, რომ ათი მაღალი კატეგორიის ჯილდო მიეღო. ის უკვე შეიტანეს ყველა ძირითად ბაზარზე და აი, 22 თებერვალს საქართველოშიც ჩამოაღწია. ავტომობილი, რომელიც უგზოობის ლიმუზინადაა ცნობილი და რომელსაც სახელად „რეინჯ როვერი“ ჰქვია, მეოთხე თაობის მოდელით, ზარ-ზეიმით შემოვიდა ჩვენს ბაზარზე.
„ლენდ როვერის“ პროდუქციის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია „GT მოტორსმა“, ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მართლაც მეფური დახვედრა-პრეზენტაცია მოუწყო. ახალი ავტომობილი საზოგადოების წინაშე თბილისის ივენტ ჰოლში წარსდგა, სადაც იყო ჯაზი, მეფური ლანჩი, „ლენდ როვერის“ წარმომადგენელთა მისალმება და ავტომობილის მოკლე დახასიათება, წვეულების წამყვანთა მიერ გაღვივებული ინტერესი, ჰოლის კედლებზე და ფილარმონიის გარეთ მოთავსებულ უზარმაზარ ეკრანზე ნაჩვენები ფილმი, რომელშიც ავტომობილის წარმოების პროცესია ნაჩვენები და რა თქმა უნდა, მთავარი პერსონაჟი - „რეინჯ როვერი“.
პრეზენტაციის ერთ-ერთი კულმინაცია - ტორტის გაჭრის ცერემონიალი
ახალ ავტომობილში შენარჩუნებულია „რეინჯ როვერის“ ზოგადი სტილი, რომელიც ამ ავტომობილს პირველი თაობიდან მოჰყვება. თუმცა, ტრადიციული სილუეტი თანამედროვე, ძალიან დახვეწილი დიზაინითაა შეზავებული, რომელიც წინა თაობის ევოლუციაა. აშკარაა, რომ ის უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს „რეინჯ როვერის“ მდიდრულობასა და იმავდროულად, ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. და ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არაა, რადგან შინაგანადაც, ახალი ავტომობილი, თავის გარეგნობას ზედმიწევნით შეესაბამება.
GT მოტორსის გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი
მთავარი სიახლე, რაც ახალ ბრიტანულმა კომპანიამ „რეინჯ როვერში“ შეიტანა, ავტომობილის ალუმინის სტრუქტურაა. ეს თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ტექნოლოგიურ გარღვევად. ხუმრობა ხომ არაა - ახალი ავტომობილი თავის წინამორბედზე 420 კილოგრამით მსუბუქია. და ეს იმ დროს, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე და გაუმჯობესდა უსაფრთხოება. გაბარიტებია: სიგრძე 4999 მილიმეტრი, სიგანე 2073 მილიმეტრი, სიმაღლე 1835 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2922 მილიმეტრი.
GT მოტორსის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
გიგა თათულიშვილი ლატარეის გამარჯვებულს აჯილდოებს
საინტერესოა ერთი ფაქტი. ამ ტიპის, სრულგაბარიტიან უგზოობის ავტომობილს ვერანაირად ექნება ეფექტური აეროდინამიკა. მაგრამ „ლენდ როვერის“ სპეციალისტებმა ამ მხრივაც მაქსიმუმი შეძლეს - ახალი ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც, 034-ია. ცნობისათვის, არცთუ დიდი ხნის წინ, ეს სედანებისთვისაც არ ითვლებოდა ურიგო მაჩვენებლად. დავიმახსოვროთ, შემცირებული წონა და გაუმჯობესებული აეროდინამიკა, გავლენას ახდენს ავტომობილის აპეტიტის შემცირებაზე. ოღონდ, ამაზე უფრო კონკრეტულად ქვემოთ, მას შემდეგ, რაც ავტომობილის აღჭურვილობას გავეცნობით...
ახალი ავტომობილის აღჭურვილობაში შედის ორივე V8 ძრავი, რომლებიც წინა „რეინჯიდანაა“ ცნობილი. ესენია დიზელის 4.4-ლიტრიანი ტურბო V8 და ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8. პირველი 344 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა, მეორე კი - 380 ცხენის ძალას და 510 ნიუტონმეტრს. ამასთან, შესაძლებელია ამ უკლანასკნელის მექანიკურ დამჭირხნიანი ვერსიით აღჭურვილი „რეინჯის“ შეძენაც. ასეთი ძრავი 510 ცხენის ძალას და 625 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. იმის წყალობით, რომ ავტომობილი მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, შესაძლებელი გახდა 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელის გამოყენება. ამ ძრავის სიმძლავრე 260 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრია.

ძრავებთან ყველა შემთხვევაში, კომპანია ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის მიერ გადამუშავებულ ამძრავ ძალასაც ოთხივე წამყვანი ბორბალი ღებულობს. ტრანსმისიის რეჟიმის არჩევა შეიძლება ცენტრალურ კონსოლზე არსებული მბრუნავი გადამრთველით. ან, მძღოლს შეუძლია ნახევრად ავტომატური რეჟიმის შერჩევა და ამ შემთხვევაში, საჭის რგოლზე არსებული ღილაკებით ისარგებლებს.

ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა, ყველაზე მძლავრ ვერსიას 5.1 წამში შეუძლია, ყველაზე სუსტ დიზელს კი - 7.5 წამში. პირველ შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ია, მეორე შემთხვევაში კი - 209 კმ/სთ. და, მივადექით ავტომობილის აპეტიტსა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასამ მხრივ, საუკეთესო მახასიათებლები 3.0-ლიტრიანი TDV6-ს შემთხვევაში მიიღწევა. ასეთ ვერსიას ასი კილომეტრის გასავლელად 7.5 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 196 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. კიდევ უფრო სუფთა გამონაბოლქვი ექნება ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ ვერსიას, რომლის გამონაბოლქვშიც CO2-ის შემცველობა (პროექტით გათვალისწინებული მაჩვენებელია) 169 გრამი უნდა იყოს.

დაბოლოს, ავტომობილის ინტერიერის შესახებაც. თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ საქმე ლიმუზინთან გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ის ავტომობილია, რომელსაც ყველა ვერ შეიძენს. თუმცა, ამის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში მუშტარი არ აკლია და ალბათ, ჩვენთანაც ასე იქნება. აღჭურვილობა პრემიუმ დნისაა, მრავალფეროვანი დამხმარე და მულტიმედიური, ასევე უსაფრთხოების სისტემებით.

უსაფრთხოების სისტემებიდან აღნიშვნას იმსახურებს: სათადარიგო მოაზროვნე მუხრუჭები, რომელიც მძღოლისგან დამოუკიდებლად, სრულად ან ნაწილობრივ ამუხრუჭებს ავტომობილს, თუ წინ მიმავალმა ავტომობილმა მკვეთრად დაამუხრუჭა, ან გვერდზე მავალი ავტომობილი მოულოდნელად შეიცვლის ზოლს. მკვდარი ზონის საკონტროლო სისტემა. ის მოძრავ ავტომობილს იმ ზონაში აფიქსირებს, რომელიც მძღოლის მხედველობის არეში ვერ ხვდება. საშიშროების შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს დამუხრუჭებას.

***
above and beyond - მაღლა და კიდევ უფრო. ეს დევიზი კარგად ახასიათებს თანამედროვე „ლენდ როვერს“. თუ ადრე ითვლებოდა, რომ ბრიტანული კომპანია ტექნოლოგიურად ჩამორჩებოდა მთლიანად ავტოინდუსტრიას, დღეს ეს აღარავის ახსოვს. რა თქმა უნდა, იმიჯის შეცვლა, კომპანიის სხვა მოდელებმა, განსაკუთრებით „რეინჯ როვერ ევოუკმა“ განაპირობეს. „რეინჯ როვერმა“ კი ესტაფეტა წარმატებით გააგრძელა. და, როგორც „ლენდ როვერი“ გვპირდება, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან მალე ეს კომპანია 6 სრულიად ახალ ავტომობილს შემოგვთავაზებს, ისეთებს, როგორებიც ადრე არასდროს უწარმოებია.

***
... პრეზენტაცია ისევე დასრულდა, როგორც ამ მდიდრულ ავტომობილს შეეფერებოდა - ფოიერვერკით. თუმცა, აქ სიტყვა დასრულდა უადგილოა, რადგან რეალურად, ყველაფერი ახლა იწყება...

No comments:

Post a Comment