დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 1, 2013

„ფერარიმ“ მონსტრი ლამაზმანად გადააკეთა

Ferrari turn the beast into a beauty
1 თებერვალი

„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, F138 გაგვაცნო, რომლითაც ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონის ტიტულების მოპოვებას აპირებს. შარშანდელი მანქანისგან განსხვავებით, ახალი ბოლიდი გარეგნულად დახვეწილია - მას არ აქვს ეხეში კეხიანი ცხვირი, რომელსაც „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მახინჯი მანქანა უწოდეს და რომლის გამოც, გასულ სეზონში მარანელოელებს კრიტიკა არ აკლდათ.
 მიუხედავად იმისა, რომ წინა მანქანა აშკარად არ იყო საუკეთესო, ფერნანდო ალონსომ მაინც თითქმის მთელი სეზონი ლიდერის რანგში გაატარა და მესამე ტიტული ჩემპიონატის მიწურულს დათმო. ახალი მანქანის პრეზენტაციაზე, სკუდერიას შეფმა სტეფანო დომენიკალიმ იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად გუნდი თავიდანვე ბრძოლისუნარიანი იქნება, რაც ალონსოს და ფელიპე მასას გამარჯვებისთვის ბრძოლის რეალურ შანსს მისცემს.
 ალონსო დარწმუნებულია, რომ სულ სამი გუნდის პილოტები შეძლებენ გამარჯვებისთვის ბრძოლას. იმ ფაქტს, რომ გასული სეზონის პირველ შვიდ რბოლას, შვიდი განსხვავებული გამარჯვებული ჰყავდა, სულ კი სეზონის განმავლობაში, გამარჯვება ექვსი გუნდის პილოტებმა მოიპოვეს, ალონსო რეგლამენტში ბევრ ცვლილებას მიიჩნევს. ამჯერად კი რეგლამენტი პრაქტიკულად უცვლელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპ გუნდები თავიდანვე შეძლებენ საკუთარ შესაძლებლობათა გამოვლენას და სიურპრიზებიც ნაკლებად იქნება.
 „სულ სამი გუნდი იბრძოლებს გამარჯვებისთვის და მათგან ერთი ჩვენ უნდა ვიყოთ. გასული სეზონი იშვიათი შემთხვევა იყო. ახლა სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა, რაც სიურპრიზებს არ გვპირდება. ეს ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც ძლიერებს ვეღარავინ უწევდა კონკურენციას. ამჯერად შვიდ რბოლაში შვიდ გამარჯვებულს არავინ უნდა ელოდოს.
 დომენიკალიმ განაცხადა, რომ F138-ის აეროდინამიკის დასახვეწად, გუნდმა „ტოიოტას“ აეროდინამიკური მილი გამოიყენა, რომელიც კიოლნში მდებარეობს და რომელსაც „მაკლარენიც“ ქირაობს. მარანელოელთა გვირაბი კალიბრაციის და მოდერნიზაციის პროცესშია.
 „სამწუხაროდ, ბოლო სეზონებს მდევრის როლში ვიწყებდთ ხოლმე, რაც ჩვენს კამპანიას აზარალებდა. ასე მოხდა შარშანაც, მაგრამ ჩვენ სათანადო დასკვნები გავაკეთეთ. ტექნიკა უფრო საიმედო გახდა, დავწვეწეთ ტაქტიკა. ახლა კი „ტოიოტას“ მილის გამოყენებით, თავიდანვე გამარჯვებისთვის ბრძლას ვაპირებთ“, - ამბობს კვიცების შეფი.
 თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ გუნდის მიზანს, სეზონის დასაწყისშივე მოწინავეთა დონეზე ასპარეზობა წარმოადგენს, რაც დიდი მიღწევა იქნება: „არამგონია, ჩვენი მანქანა თავიდანვე სხვებზე სწრაფი იყოს. მთავარია, ფერნანდოს და ფელიპეს კონკურენტუნარიანი მანქანა მოვუმზადოთ. ეს უკვე კარგი საფუძველი იქნება, რომლის განვითარებასაც სეზონის მსვლელობისას ვეცდებით“.

 დომენიკალიმ ისიც თქვა, რომ კეხიანი ცხვირი, არა ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად, არამედ აეროდინამიკის დასახვეწად დაფარეს: „ჩვენ ასე მოვიქეცით, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, მანქანის სწორედ წინა ნაწილის დახვეწა იყო. თანაც, ამით მანქანა უფრო გალამაზდა“.
დომენიკალი იმასაც ხაზს უსვამს, რომ „ფერარი“ შუა სეზონიდანვე დაიწყებს 2014 წლის მანქანის შემუშავებას, რასაც საინჟინრო რესურსი დასჭირდება. თუმცა, რეგლამენტი იმდენად რადიკალურად იცვლება, რომ თუ თადარიგს ადრევე არ დაიჭერენ, ტურბო ძრავებზე გადასვლის სეზონი პირწმინდად ჩავარდება, რისი ფუფუნების საშუალებასაც მარანელოელები საკუთარ თავს ვერ მისცემენ.

No comments:

Post a Comment