დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 17, 2013

„კადილაკის“ ჰიბრიდული კუპე ELR პრემიუმ კლასს დაამშვენებს

Cadillac ELR Hybrid Coupe Packs 207HP, Goes on Sale in Early 2014
17 იანვარი
როდესაც „კადილაკმა“ დეტროიტის 2009 წლის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „კონვერჯი“ წარადგინა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს ავტომობილი აუცილებლად კონვეიერზე დადგებოდა. რა თქმა უნდა, „ჯენერალ მოტორსის“ მარკეტოლოგებმა მიღებული გამოხმაურებებიდან საჭირო დასკვნები გააკეთეს. მაგრამ მაშინ ამერიკული კომპანია გადარჩენისთვის იბრძოდა...
ამერიკის მთავრობამ გადარჩენის ოპერაცია სწრაფად და ეფექტურად განახორციელა და აი, გენერლებმაც „კონვერჯის“ შთამომავლისთვის მოიცალეს - ახლახანს, დეტროიტის შოუს დამთვალიერებელმა იმ კონცეპტუალური ავტომობილის სერიული ვერსია (უფრო გაგრძელება) - ELR იხილა. ეს ავტომობილი კონცეპტუალურისგან ძლიერ განსხვავდება, თუმცა ეს იმის შედეგია, რომ დიზაინერებს ინჟინრებმა მკაცრი ჩარჩოებ დაუწესეს, რომელიც „შევროლე ვოლტზე“ გამოყენებულმა პლატფორმა „ვოლტეკმა“ განაპირობა.
ავტომობილი აშკარად მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ საერთო სურათს აფუჭებს ის ფაქტი, რომ ის გაცილებით დაბალი დონის პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტის“ კარგად გამოწყობილი ვერსიაა. თუმცა „კადილაკი“ გვაიმედებს, რომ არც ასეა საქმე. კერძოდ, ELR-ზე გამოყენებული აგრეგატები იმგვარად დაიხვეწა, რომ კუპეს პრემიუმ ხასიათს შეესაბამებოდეს.
ELR არის ლუქსის კლასის, მოწინავე ინჟინერიის და პროგრესული დიზაინის ნაზავი, რომლის შედგია კუპე, რომელიც სპორტული ხასიათითაც მოგხიბლავთ და თანაც, გარემოსადმი მეგობრულიცაა. ეს „კადილაკის“ ისტორიაში შემობრუნების მომენტია“, - განაცხადა „კადილაკის“ ვიცე პრეზიდენტმა ბონ ფერგიუსონმა, ვინც პრემიუმ ბრენდის გლობალურ საქმეებს კურირებს.
ELR-ის გაბარიტებია: სიგრძე 4724 მილიმეტრი, სიგანე 1847 მილიმეტრი, სიმაღლე 1420 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2965 მილიმეტრი. ამგვარად, ის „ვოლტზე“ გრძელი, განიერი და დაბალია. ამასთან, მასზე ოდნავ გრძელი ბაზაც აქვს. ამასთან, მისგან განსხვავებით, აქვს ორი კარი და ჩასაჯდომი ფორმულა 2+2.
ჰიბრიდულ ძალურ დანადგარში გაერთიანებულია: 16.5 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, ორი ელექტროძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 181 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 400 ნიუტონმეტრია და შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი. ბენზინის 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავის სიმძლავრე 84 ცხენის ძალაა. ელექტროძრავების მაქსიმალური მომენტი, რომელსაც პირველივე ბრუნიდან ავითარებენ, 12 პროცენტით მეტია იმ მომენტზე, რომელსაც ქროსოვერ SRX-ის 3.6-ლიტრიანი V6 იძლევა.
ELR-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს. სვლის სიშორე 480 კილომეტრია, აკუმულატორის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ მათი ერთი დამუხტვით 56 კილომეტრი გაიაროს. 
„კადილაკი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ELR-ის წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს, ბაზარზე კი მომავალი წლის დასაწყისში გაუშვებს. კომპანიას ჯერ მისი ფასი არ გამოუქვეყნებია. მისი მარკეტინგის შეფმა დონ ბატლერმა „უორდს აუტოსთან“ საუბრისას განაცხადა: „ეს „კადილაკია“. ნამდვილი ტყავით, ნამდვილი ხით, თვალწარმტაცი გარეგნობით. ELR ლუქსის კლასის ავტომობილია და ფასიც შესაფერისი ექნება. და თანაც, ასეთ მანქანას გზაზე ვერ შეხვდებით. ლუქსის მყიდველს ექსკლუზიურობა სურთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ავტომობილი წარმატებული იქნება“. მისი თქმით, ELR-ს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, რითაც ექსკლუზიურობა უზრუნველყოფილი იქნება...

No comments:

Post a Comment