დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 21, 2013

კონცეპტუალური „ფოლკსვაგენ ქროსბლიუ“ – „ფორდ ექსპლორერის“ ახალი მეტოქე

New VW CrossBlue Crossover Concept Aims at Ford Explorer
21 იანვარი
როდესაც საავტომობილო კომპანიას სურს, რომ მსოფლიო ლიდერი გახდეს, მან ჯერ ამერიკის ბაზარზე უნდა მოიპოვოს და განიმტკიცოს მოწინავე პოზიცია. ამერიკაში წარმატების მისაღწევად კი აუცილებელია, რომ იქაურ მყიდველს, პიკაპებისა და უგზოობის ავტომობილების ფართო სპექტრი შესთავაზო.
კომპანია, რომელსაც მსოფლიო ლიდერობა აქვს გადაწყვეტილი და დაგეგმილი, „ფოლკსვაგენია“, რომელსაც ჯერ ამერიკაში მოწინავეთა შორის შეღწევამდე ბევრი უკლია. თუმცა, მის გამაში უგზოობის ავტომობილების რიცხვი თანდათან იზრდება. ყველაფერი „ტუარეგის“ წარმოებით დაიწყო, რომელსაც „ტიგუანი“ მოჰყვა. დეტროიტის მოტორ შოუზე კი ვოლფსბურგელებმა კონცეპტუალური ქროსოვერი „ქროსბლიუ“ წარადგინეს, რომლის სერიულმა ვერსიამაც, მათ გამაში, სწორედ ზემოთ ნახსენებ ორ ავტომობილს შორის არსებული ნიშა უნდა შეავსოს.
კონცეპტუალური „ქროსბლიუ“ სპეციალურად, ამერიკის ბაზრისთვისაა შექმნილი და უხეში, დაკუთხული ფორმებით გამოირჩევა. ის მოდულურ პლატფორმა MQB-ზე არის ბაზირებული, რომელიც „ფოლკსვაგენმა“ უკვე გამოიყენა ახალ „გოლფზე“. ავტომობილი იმითაც გამოირჩევა, რომ მის სალონში, სავარძლების სამი რიგია განლაგებული.
„ქროსბლიუს“ გაბარიტებია: სიგრძე 4986 მილიმეტრი, სიგანე 2014 მილიმეტრი და სიმაღლე 1732 მილიმეტრი. ამგვარად, ყველა ამ პარამეტრით, ის „ტუარეგზე“ დიდია და თითქმის „ფორდ ექსპლორერის“ ტოლია. თუ ვოლფსბურგელები პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ამერიკაში „ქროსბლიუს“ მთავარი კონკურენტი სწორედ „ექსპლორერი“ იქნება.
მართალია, კონცეპტუალურ ავტომობილზე, ყოველ რიგში მხოლოდ ორი სავარძელია განლაგებული, მაგრამ „ფოლკსვაგენი“ გვპირდება, რომ „ქროსბლიუს“ კონვეიერზე დაყენების შემთხვევაში, მეორე რიგში სამი სავარძელი მოთავსდება და სავარძლების რიცხვი შვიდამდე გაიზრდება. ამასთან, უკანა რიგი უფრო ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.
სავარძლების უკან, საბარგო სეგმენტი მდებარეობს, რომლის მოცულობაც მხოლოდ 335 ლიტრია. მაგრამ თუ სავარძლების უკანა რიგს დავკეცავთ, მოცულობა 812 ლიტრამდე გაიზრდება. ამასთან, საბარგულის სიგრძე, რომელიც სტანდარტულად 600 მილიმეტრია, 1387 მილიმეტრს მიაღწევს. და თუ სავარძლების მეორე რიგიც დაიკეცება, საბარგულის მოცულობა 2000 ლიტრამდე გაიზრდება, მისი სიგრძე კი 2230 მილიმეტრს მიაღწევს. და თუ ესეც არაა საკმარისი, შეიძლება წინა მგზავრის სავარძლის დაკეცვა და საბარგულის სიგრძე 3110 მილიმეტრს მიაღწევს.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ჰიბრიდული დანადგარი ანიჭებს, რომელშიც შედის 2.0-ლიტრიანი TDI დიზელი (სიმძლავრე 190 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავი, რომელთაგან ერთი წინაა განლაგებული (54 ცხ.ძ), მეორე კი - უკან (114 ცხ.ძ). შიდაწვის ძრავთან, ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია DSG ავტომატური ტრანსმისია და ელექტრული სრულამძრავიანი სისტემა. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 358 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 700 ნიუტონმეტრს აღწევს.

ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 7.2 წამში შეუძლია. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ მხოლოდ ელექტროძრავებით, ავტომობილმა 23 კილომეტრის გავლა შეძლოს. ელექტროძრავებით მოძრაობისას, მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 121 კმ/სთ-ია, შიდაწვის ძრავით გადაადგილებისას კი სიჩქარე 204 კმ/სთ-ს აღწევს.
ელემენტების ბლოკის დამუხტვა შესაძლებელია როგორც ენერგიის გარე წყაროდან, ასევე დიზელის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის დახმარებით. ამგვარად, შიდაწვის ძრავი, გარდა იმისა, რომ ავტომობილის გადაადგილებას უზრუნველყოფს, ელექტრული ენერგიის წყაროს მოვალეობასაც ასრულებს.
თუ „ფოლკსვაგენი“ „ქროსბლიუს“ წარმოებას გადაწყვეტს, ავტომობილი დიზელის და ბენზინის აგრეგატებით აღიჭურვება. ამასთან, მყიდველს ჰიბრიდულ ვერსიასაც აუცილებლად შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment