დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 29, 2013

„ტოიოტა“ ისევ მსოფლიო ლიდერია

Toyota wins back global auto sales crown from GM
29 იანვარი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ გაყიდვებით უკან მოიტოვა თავისი ორი მთავარი მეტოქე - „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ და მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც ერთი წლით, იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო დაკარგა.
მთელს მსოფლიოში, შარშან „ტოიოტამ“ (მის ჯგუფში შემავალი ჰინოსა და დაიჰაცუს გაყიდვების ჩათვლით) 9.75 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23 პროცენტით მეტია. „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდვებმა 9.29 მილიონი შეადგინა, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისამ კი - 9.07 მილიონი.
„ტოიოტამ“ და მისმა ლუქს ბრენდმა „ლექსუსმა“ ერთად ევროპაში 837 969 ავტომობილი გაჰყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. გაყიდვების ზრდა, ძირითადად ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ამერიკაში, იაპონურმა კომპანიამ, იქაური ბაზრის წილი 12.9-დან 14.4 პროცენტამდე გაზარდა. შტატების ბაზარზე ლიდერი ისევ „ჯენერალ მოტორსია“, რომელიც ამ ბაზრის 17.9 პროცენტს აკონტროლებს. ამერიკაში „ტოიოტამ“ და მის ჯგუფში შემავალმა „საიონმა“ და „ლექსუსმა“, ჯამში 2.08 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია.
საშინაო ბაზარზე, „ტოიოტას“ გაყიდვები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად - 35 პროცენტით, 2.41 მილიონამდე არის გაზრდილი. კომპანიამ იაპონიაში დაიწყო ახალი ჰიბრიდული ავტომობილის - „აკვას“ გაყიდვები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილის, „პრიუსის“ მომცრო ვერსიაა და დანარჩენ მსოფლიოში, „პრიუს C-ს“ სახელით იყიდება. იაპონიაში გაყიდვების გაზრდა, მთავრობის მიერ ეკონომიურ ავტომობილებზე დაწესებულმა სუბსიდიებმა და საგადასახადო შეღავათებმა განაპირობა.

ამ სამი დიდი ბაზრისგან განსხვავებით, „ტოიოტას“ გაყიდვები შეუმცირდა მსოფლიოს უდიდეს, ჩინურ ბაზარზე, რაც ბოლო ათ წელიწადში პირველად მოხდა. არადა, იაპონურ კომპანიას სურდა, რომ ცისქვეშეთი მისი მესამე ისეთი ბაზარი გამხდარიყო, სადაც მილიონზე მეტ ავტომობილს ჰყიდის. ამ მიზნის მიღწევაში, „ტოიოტას“ ხელი შეუშალა ტერიტორიულმა დავამ ჩინეთსა და იაპონიას შორის, რომლის გამოც, ჩინელებმა ამომავალი მზის ქვეყნის კომპანიების ნაწარმის შეძენაზე მასობრივად თქვეს უარი. ტერიტორიული დავა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებს შეეხება.
ამ ეტაპზე, „ტოიოტასთვის“ მთავარი ბაზარი ამერიკაა. სწორედ ამერიკის ხარჯზე აპირებს გაყიდვების 9.91 მილიონამდე გაზრდას. ამ საქმეში, იაპონურ კომპანიას იენის კურსის შესუსტებამაც უნდა შეუწყოს ხელი. სხვათა შორის, ამ გარემოების გამო, „ტოიოტა“ ამერიკის ბაზარზე თავის მთავარ მეტოქესთან, კორეულ „ჰიუნდაისთან“ უპირატესობას მოიპოვებს. რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, ორ ქვეყანას შორის დავა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება, ეს კი „ტოიოტას“ გაყიდვებზე დადებითად აისახება.

No comments:

Post a Comment