დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 29, 2013

კარაჩოლას რეკორდი 75 წლისაა


Rudolf Caracciola and the 432.7 km/h speed record
29 იანვარი
სარეკორდო "მერსედეს W125"
გერმანელი მრბოლი რუდოლფ კარაჩოლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო 30-იან წლებში. მისი და გერმანელი ბერნდ როზემეიერის პაექრობები, იმ დროის რბოლებზე ათეულობით ათას მაყურებელს იზიდავდა. გერმანიის აფუსსა და ნურბურგრინგზე კი ამ ორი ვარსკვლავის სახელს იმდენი მაყურებელი მოჰყავდა, დღესაც კი გააკვირვებდა ადამიანს.

რუდოლფ კარაჩოლა
მაშინ ევროპის სარბოლ ტრასებზე ორი გერმანული კომპანია - „მერსედეს-ბენცი“ და „აუტო უნიონი“ (ახლანდელი აუდი) ბატონობდა, რომლებიც ფაშისტური მთავრობისგან სოლიდური ფინანსური დახმარებითაც სარგებლობდნენ. რბოლების გარდა, ამ ორი პილოტისა და მათი გუნდების დაპირისპირება, სიჩქარის რეკორდის დასამყარებლადაც მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, სწორედ ამ რეკორდებმა იმსხვერპლა როზემეიერის სიცოცხლე. ოღონდ, სანამ ტრაგედია მოხდებოდა, კარაჩიოლამ ისეთი შედეგი დააფიქსირა, რომელიც დღესაც მიუწვდომელია!
1938 წლის 28 იანვარს, სპეციალურად შემუშავებულ ავტომობილ „მერსედეს W125-ით“, რაიხს-ავტობან A5-ის ფრანკფურტი-დარმშტადტის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე (ეგრეთ წოდებული მფრინავი სტარტით - სტარტი მოძრაობაში), კარაჩოლამ 432.7 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. საერთო სარგებლობის გზებისთვის, ეს დღესაც მიუწვდომელი რეკორდია.
რეკორდსმენი ავტომობილი "მერსედესის" მუზეუმში
„აუტო უნიონმა“ და როზემეიერმა მაშინვე სცადეს რეკორდის მოხსნა და უამინდობის მიუხედავად, მიზანთან ახლოსაც იყვნენ: მანქანამ 400 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, მაგრამ ძლიერმა ქარმა მას მდგრადობა დააკარგვინა. მანქანამ ორი ყირა შეასრულა, პილოტი კი იქიდან ამოვარდა და მიღებული ტრავმისგან, ადგილზე დაიღუპა...
მეგობრისა და იმავდროულად, მეტოქის ტრაგიკულმა სიკვდილმა, კარაჩოლაზე დამთრგუნავად იმოქმედა: „რა აზრი აქვს წამებისთვის დაუზოგავ პაექრობას, თუ ამის შედეგი სიკვდილია? პროგრესს ვემსახურებით? თუ კაცობრიობას? ეს ყველაფერი იდიოტობაა, როდესაც რეალური საზღაური სიკვდილია. რატომ? რისთვის? იმ მომენტში, მე ვიგრძენი, რომ ყველა ცალკეულ სიცოცხლეს თავისი კანონები აქვს. მებრძოლის კანონი კი ასეთია: ბოლომდე დაიწვას და არ იფიქროს იმაზე, რა მოუვა მის ფერფლს“...
მართალია, მისთვის სეზონი ასე დამთრგუნველად დაიწყო, კარაჩოლა ევროპის ჩემპიონატზე მაინც საუკეთესო იყო და მესამედ მოიპოვა კონტინენტის მთავარი ტიტული.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კარაჩოლა ადოლფ ჰიტლერის საყვარელი პილოტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის გერმანიას განერიდა და შვეიცარიაში დასახლდა და 1959 წელს, 58 წლისა გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment