25 ნოემბერი
„კატერჰემის“ შეფი ტონი ფერნანდესი მოწადინებულია,
რომ თავისი კომპანია „აზიურ პორშედ“ გადააქციოს. თავისი ამბიციური გეგმის პირველ
აუცილებელ ნაბიჯად კი სუპერ ავტომობილის წარმოების დაწყება მიაჩნია. ამას კი
შემდგომში სერიული მოდელების გამოშვებაც უნდა მოჰყვეს.
„რენოსთან“ პარტნიორული ურთიერთობის თაობაზე
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ფერნანდესმა
განაცხადა, რომ ფრანგულ კომპანიასთან ერთად, არაერთი პროექტის განხორციელებას
გეგმავს:
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ვიცი, რომ ძალიან
ამბიციურად გაიჟღერებს, რასაც ვიტყვი, მაგრამ კომპანიის განვითარების გეგმის
შაბლონად, „პორშე“ მაქვს აღებული. აბა გაიხსენეთ, რას მიაღწია ამ კომპანიამ. მათ
სპორტულის გარდა, სხვა ტიპის ავტომობილების წარმოებაც დაიწყეს. „კაიენმა“ და „პანამერამ“
მათ დიდი წარმატებები მოუტანა. მეორე მხრივ, აზიაში უყვართ სპორტული მანქანები. აქ
აფასებენ უგზოობის და ქალაქის ავტომობილებს. თუ შევძლებთ აზიურ ბაზარზე
დამკვიდრებას, შემდეგ სხვა გამოწვევებიც გაჩნდება“.
ფერნანდესი დასძენს, რომ „რენოსთან“ გაფორმებული
ხელშეკრულების შესაბამისად, ისინი ერთობლივად იმუშავებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს,
რომ „კატერჰემს“ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა, ან დამოუკიდებელი პროექტების
შემუშავება ეკრძალება. ის ამბობს, რომ რამდენიმე შედარებით ხელმისაწვდომი
ავტომობილის წარმოების დაწყების შემდეგ, სუპერ ავტომობილის გამოშვებასაც აპირებს.
კომპანიის ტექნოლოგიების შტოს შეფი, ფორმულა 1-ის
ყოფილი ინჟინერი მაიკ გასკოინი ამბობს, რომ სუპერ ავტომობილის წარმოების
პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პერსპექტივები უკვე შესწავლის პროცესშია:
„ჩვენი კომპანია მოტორსპორტის ნოუ-ჰაუს ფლობს.
ათვისებული აქვს კარბონის ბოჭკოს კომპოზიტების წარმოების ტექნოლოგია. დინამიკასა
და აეროდინამიკაში გამოცდილებას ფ1-ში აგროვებს. ეს კი პროექტის დასაწყებად
სრულიად საკმარისია. ჩემს მიზანს ამ ეტაპზე, ჩვენი მოტოსპორტული გამოცდილების კომერციალიზაციის
გზების შემუშავება წარმოადგენს. თუ გავაკეთებთ ფლაგმანს (ჰალო ქარს), რომელიც
ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას მოგვცემს, ეს ბაზარზე
დამკვიდრების საშუალებას მოგვცემს და შემდგომ საქმიანობას გაგვიადვილებს“.
„კატერჰემს“
და „რენოს“ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ერთობლივ პროექტზე, რომლის მიზანსაც, ბრენდ
„ალპინისთვის“ პირველი სპორტული ავტომობილის შემუშავება წარმოადგენს. გასკოინი
ამბობს, რომ კონცეპტუალური ავტომობილი მზად დაახლოებით ერთ წელიწადში იქნება, რაც
იმას ნიშნავს, რომ მათი ერთობლივი ნამუშევრის პირველ ჩვენებას ფრანკფურტის მომავალ
შოუზე უნდა ველოდოთ.
No comments:
Post a Comment