დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 13, 2015

კუბის რარიტეტული ავტომობილები მტვრის სქელი საბნის ქვეშ

Jonathan Ward Finds Rare Aston Martin in a Shed in Cuba
13 დეკემბერი
კუბა 1959 წლის შემდეგ, საავტომობილო სამყაროსგან მოწყვეტილი იყო. არადა, მანამდე იქ სხვადასხვა სფეროს და რანგის ვარსკვლავები, ნაირ-ნაირი ამერიკული თუ ევროპული, მდიდრული და სპორტული ავტომობილებით იწონედბნენ თავს. რევოლუცია კი ისე სწრაფად მოხდა, რომ მათმა უმეტესობამ ბარგის ჩალაგებაც კი ვერ მოასწრო. ძვირფასი ავტოების ევაკუაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

მაგრამ დრო გავიდა და კუბამ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა. თავისუფლების კუნძული თანდათან ისევ ბრუნდება ტურისტულ ბიზნესში და შესაბამისად, მას სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. მათ შორის კი რა თქმა უნდა, არიან ავტო კოლექციონერები, რომლებსაც იქ არაერთი საკბილო ეგულებათ. რაც კუბამ საზღვარი გახსნა, ხშირად გაიგებთ ისტორიებს ამა თუ იმ იშვიათ ავტომობილზე, რომელიც მივარდნილი სოფლის გარაჟში უსაქმოდაა გაჩერებული და მტვერი და ჟანგი უღებს ბოლოს.
ცნობილი საავტომობილო მიმომხილველი ჯონათან უორდი კუბას სწორედ იმ მიზნით ეწვია, რომ იქ საავტომობილო სამყაროს ისტორიის დამტვერილი ნაწილი აღმოეჩინა და მათს შესახებ მოეთხრო. მან არაერთ ასეთ ეგზემპლარს მიაგნო და მათ შესახებ საინტერესო ისტორიებს მოყვა.
ჰავანაში ის ერთ ქალს შეხვედრია, რომელმაც ძველი „ასტონ მარტინის“ შესახებ მოუთხრო. ეს ავტომობილი ერთ ბრიტანელ ოფიციალურ პირს ეკუთვნოდა, რომელმაც ავტომობილის ბრიტანეთში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კუბიდან 1959 წლამდ გამოშვებული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა. და ეს „ასტონი“ სწორედ ამ ქალის კუთვნილ ფერმაში „ძველდებოდა“. მას უორდისთვის უკითხავს, თუ რა შეიძლება ღირდეს ასეთი ავტომობილი.
რა თქმა უნდა, უორდმა ხელიდან არ გაუშვა ამ ავტომობილის ადგილზე ხილვის შესაძლებლობა. რამდენიმე დღის შემდეგ ის ფერმას ეწვია და იქ იშვიათი „ასტონ მარტინ DB 2/4“ იხილა, რომელიც 1953-1957 წლებში მხოლოდ 800 ცალი დამზადდა. უფრო მეტიც, ეს იყო მარცხენსაჭიანი ვერსია, რომელიც იმავდროულად, სარბოლო სპეციფიკაციების მქონე ძრავით აღიჭურვა. მაგრამ სამწუხაროდ, ორიგინალური ძრავის ნაცვლად, ამ ეგზეპმლარის კაპოტქვეშ „ლადას“ ძრავი ჩაუდგამთ და სალონში რუსულივე ავტომობილის მაჩვენებლების დაფა და საჭის რგოლი დაუყენებიათ...
სხვათა შორის, „ასტონ მარტინი“ ადრეც ეჭვობდა, რომ ეს ავტომობილი კუბაში უნდა ყოფილიყო ჩარჩენილი. მაგრამ მისი დაბრუნება ვერ მოახერხა. უორდისგან რომ ეს ისტორია შეიტყვეს, გეიდონელებს გაუხარდათ, თუმცა მის აღდგენაზე უარი განაცხადეს, რადგან ეს ძალიან ძვირი და ძნელი საქმეა. უნდა ითქვას, რომ თავად უორდი ავტომობილების რესტავრაციებზეც მუშაობს და არაა გამორიცხული, რომ თავად მიხედოს ამ ეგზემპლარს. თუმცა თავად ამის შესახებ არაფერს ამბობს...

No comments:

Post a Comment