დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 20, 2015

„ლამბორგინი ურაკან LP 580-2“

Lamborghini Graces Huracan With New LP 580-2 RWD Edition
20 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ ვერსია LP 580-2 შეიმუშავა და საზოგადოებას ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე წარუდგინა. ეს ავტომობილი სტანდარტული ვერსიისგან იმით განსხვავდება, რომ უკანა წამყვანი ბორბლები აქვს და ამის წყალობით, უფრო მსუბუქიცაა. გარდა ამისა, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა სხვაგვარად მომართეს საკიდარი, მისი ზამბარები და განივი მდგრადობის სტაბილზატორები. რაც მთავარია, ავტომობილის მედეგობა გრეხვითი დატვირთვებისადმი, წინამორბედ „გალარდო LP 550-2-სთან“ შედარებით, თითქმის 50 პროცენტით გაუმჯობესდა.
ავტომობილს სამ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ყოველდღიურობისთვის არის რეჟიმი „სტრადა“, მეორე რეჟიმია „სპორტი“, რომელიც ემოციური მართვისთვისაა და ოდნავ ჭარბი მოხვევადობით გამოირჩევა. მესამე რეჟიმია „კორსა“, რომელიც სატრეკო ტემპერამენტით გამოირჩევა და ავტომობილისგან მაქსიმუმს „გამოწურავს“.
„ურაკან LP 580-2“ 1 389 კილოგრამს იწონის და ამგვარად, სრულ ამძრავიან „ურაკანზე“ 33 კილოგრამით მსუბუქია. წონ ღერძებს შორის 40/60 პროპორციით არის განაწილებული (უფრო მეტი წონა უკანა ღერძზე მოდის). გარდა ამისა, იტალიური კომპანია აღნიშნავს, რომ ახალ ავტომობილს უფრო ხისტი საკიდარი, უფრო ზუსტი საჭის მექანიზმი და ახლებურად დაკალიბრებული ტრექშნ და სტაბილურობის კონტროლის სისტემები აქვს.
ავტომობილი ისევ 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მისთვის ჩვეულ ადგილს ბაზაში, კაბინის უკან იკავებს. ოღონდ, მისი სიმძლავრე 30 ცხენის ძალით შემცირდა. კერძოდ, აგრეგატი 580 ცხენის ძალას და 540 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაბრუნი მომენტის 75 პროცენტი 1000 ბრ/წთ-ზეა ხელმისაწვდომი. ძრავი ასევე აღიჭურვა ცილინდრების დეაქტივაციის სისტემით, რომელსაც ათიდან ხუთი ცილინდრის გათიშვა შეუძლია, როცა ძრავის სრული სიმძლავრე საჭირო არაა. ეს პირველ რიგში, საწვავის ხარჯს ამცირებს - 1000 კილომეტრის გასავლელად, „ურაკან LP 580-2-ს“ 11.9 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 278 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
მაგრამ საწვავის ხარჯზე მეტად, ამ ავტომობილში, მისი ტემპერამენტია საინტერესო. ჯერ იმის შესახებ, რომ ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.4 წამი ჰყოფნის, რაც სრულ ამძრავიანი „ურაკანის“ აჩქარების დროზე 0.2 წამით მეტია. უკანა ამძრავიანი სუპერ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია, რაც სრულ ამძრავიანისაზე 5-ით ნაკლებია. „ურაკან LP 580-2-ის“ წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ცხენის ძალაზე 2.4 კილოგრამია.
ოდნავ შეიცვალა „ურაკანის“ გარეგნობაც. პირველ რიგში, თვალში საცემი გახდა გაზრდილი ჰაერის ამღებები. მათგან ცენტრალური ჰაერს გამაგრილებელ სისტემას აწვდის, გვერდითების დანიშნულება, ბორბლებისგან ჰაერის ნაკადის მოშრება და ამით, წინააღმდეგობის ძალის შემცირებაა. გარდა ამისა, მათგან აღებული ჰაერის ნაწილი მუხრუჭების გაგრილებას ხმარდება. ავტომობილის უკანა ნაწილთან შერწყმულია სპოილერი, რომელიც დიფუზორთან ერთად, ამ ნაწილში და მანქანის ძირში, ჰაერის ნაკადის მოძრაობას აწესრიგებს. „ლამბორგინი“ ირწმუნება, რომ უკანა ამძრავიან „ურაკანს“ მოძრავი სპოილერი არ სჭირდება.
ავტომობილი ფოლადის სამუხრუჭე დისკოებით და სუპორტების ალუმინის ცილინდრებითაა აღჭურვილი. ბორბლები 19-დუიმიანია და ისინი „პირელის“ წარმოების სერია „Pზერო“ საბურავებითაა შემოსილი, რომლებიც სწორდ უკანა ამძრავიანი ავტომობილისთვის არის შემუშავებული.
„ლამბორგინის“ ევროპაში უკვე დაწყებული აქვს „ურაკან LP 580-2-ზე“ შეკვეთების მიღება. სუპერ ავტომობილის საქარხნო ფასი 150 000 ევროა, თუმცა მას მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ქვეყნის გადასახადები, სადაც გაიყიდება.

No comments:

Post a Comment