დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 8, 2015

ედრიან ნიუი „რედ ბულის“ საგზაო ავტომობილს ელექტროძრავით მოიაზრებს

Adrian Newey considering electric power for Red Bull road car
8 ნოემბერი
ედრიან ნიუი თვლის, რომ „რედ ბულის“ პირველი საგზაო ავტომობილისთვის, საუკეთესო ძალური დანადგარი, ელექტრო ძრავი იქნება. გარდა ამისა, მასვე მიაჩნია, რომ საბაზო ვერსიის გამოშვების შემდეგ, ასევე ჰიბრიდული ვერსიის წარმოებაც იქნება შესაძლებელი. მართალია, ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიისგან მწვანე შუქი ჯერ არ ანთებია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხარების ფ1-ის გუნდის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ამ პროექტზე მუშაობას, სულ უფრო მეტ დროს უთმობს.

ამჟამად ნიუის „რედ ბულის“ ტექნოლოგიურ შტოში თავისუფალი როლი აქვს და იმ პროექტებზე მუშაობს, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს. ამ სეზონის დასაწყისში იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ ლეგენდარულ აფროსან ბენ ენსლისთან ერთად, რეგატა ამერიკის თასისთვის, სარბოლო იახტას შეიმუშავებდა. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციით, მან სარბოლო იახტებს საგზაო ავტომობილი ამჯობინა.
ნიუის ნათქვამი აქვს, რომ თავისი პირველი საგზაო ავტომობილის რამდენიმე კონცეპციაზე მუშაობს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის პროექტის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკიდებს ხელს, თუ ისეთი ავტომობილის საშუალება მიეცემა, რომელშიც უახლეს ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს და რომელიც პირველ რიგში, მძღოლზე იქნება ორიენტირებული. მას სურს, დაახლოებით ისეთივე ეპოქალური ავტომობილი შექმნას, როგორიც არის მისი ლეგენდარული კოლეგის, გორდონ მარის სუპერ ავტომობილი „მაკლარენ F1“.
ნიუის ნაკლებად აინტერესებს „მაკლარენ P1-ის“, „ფერარი ლაფერარისა“ და „პორშე 918 სპაიდერის“ ტიპის ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი, რადგან მათი კონკურენტის შექმნით, ის ახალ სიტყვას ვერ იტყვის და ერთგვარი მიბაძვა გამოუვა. იმავდროულად არ მალავს, ელექტრული ძალის ათვისებით არის დაინტერესებული და შესაბამისად, სწორედ ამ ტიპის ძალური დანადგარით აპირებს ავტომობილის აღჭურვას.
იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ნიუის ავტომობილი (ფოტოზე) „ასტონ მარტინისთვის“ შეიქმნებოდა და ეს იქნებოდა „რედ ბულსა“ და „მერსედესს“ (რომელიც ასტონ მარტინის თანამფლობელია) შორის ფ1-ის ძრავებთან დაკავშრებული შესაძლო პარტნიორობის ნაწილი. მაგრამ სამქიმიანებმა კონკურენტისთვის თავიანთი ძრავების მიწოდება არ ისურვეს. და სათუოა, „რედ ბულსა“ და „ასტონ მარტინს“ შორის თანამშრომლობა გამოვიდეს.
როგორც ცნობილია, ნიუიმ ამ სეზონის დასაწყისში დატოვა „რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორის პოსტი და ამ ეტაპზე, მხოლოდ ტექნიკური მრჩევლის მოვალეობას ასრულებს. ავსტრიულმა კომპანიამ მას სრული თავისუფლება მიანჭა, რათა გენიალურ ინჟინერს, რომელიმე კონკურენტ გუნდში გადასვლის სურვილი არ გასჩენოდა. პარალელურად, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „რედ ბულის“ ფ1-ის გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ხარებისთვის გარდაუვალია საგზაო ავტომობილის გამოშვება. სხვა თუ არაფერი, ფ1-ში ხარების ყველა ძირითადი კონკურენტი ავტომობილებს აწარმოებს, რაც მათ სოლიდურ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ბაზას და გამოცდილებას აძლევს...

No comments:

Post a Comment