დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 14, 2015

როსბერგის ზედიზედ მეხუთე პოული

Motor racing-Rosberg takes his fifth pole in a row
14 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მცირედით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს და ზედიზედ მეხუთე პოულ პოზიციას დაეუფლა. გერმანელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს სულ რაღაც, 0.078 წამით აჯობა და კარიერაში 50-ე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა.
სტარტზე მეორე რიგში „ფერარის“ პილოტები, სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი დადგებიან. ფეტელს რბოლაში მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა, რაიკონენი კი მეხუთე იყო, მაგრამ მეოთხე საუკეთესო დროის მქონე ვალტერი ბოტასს სამი ადგილით უკან მოუწევს დადგომა, რადგან პრაქტიკებისას წითელ შუქზე ფელიპე ნასრს გაასწრო.
აღსანიშნავია, რომ როსბერგმა გასული სეზონის ბრაზილიის ეტაპი პოულიდან მოიგო, ჰამილტონს კი თავისი ბავშვობის კერპის, აირტონ სენას ქვეყანაში ჯერ არ გაუმარჯვია. არადა, იქ რვაჯერ უასპარეზია. სამაგიეროდ, თავისი პირველი ტიტული სწორედ სან პაულუში, ბრაზილიელ ფელიპე მასასთან ჭიდილში, რბოლის ბოლო წამებზე მოიპოვა.
როსბერგი ამბობს, რომ პოულის წრე, შესაძლებლობის ზღვართან ძალიან ახლოს გაიარა და ყველაფერს იღონებს, რომ სეზონი გამრჯვებებით დაასრულოს. იმავდროულად, ის უკვე ფიქრობს მომავალ სეზონზე და რა თქმა უნდა, ჩემპიონობის მორიგ შანსზე. სხვათა შორის, ბრაზილიის რბოლის გამარჯვებულთა სტატისტიკა გვახსენებს, რომ წინა ექვსი რბოლიდან, ოთხი იმ პილოტებმა მოიგეს, რომლებიც სტარტზე მეორე ადგილზე იდგნენ...
მეორე ადგილის მიუხედავად, კმაყოფილებას არ მალავს ჰამილტონი. „ჩემი მთავარი მიზანი მიღწეული მაქვს. მანქანით კმაყოფილი ვარ. ის კარგადაა დაბალანსებული. ამ ტრეკზე ჯერ მოგება არ მაქვს. გასულ სეზონში, მე რბოლაში უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე კვალიფიკაციაზე. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება“, - ყვება სამგზის ჩემპიონი, ვინც გადაცემათა კოლოფში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, მესამე პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო.
წინა ოთხი რბოლიდან, რომლებიც პოულიდან დაიწყო, როსბერგმა მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. დანარჩენ სამში ჰამილტონმა გაიმარჯვა. 30 წლის ბრიტანელს ამ სეზონში 10 რბოლა აქვს მოგებული, როსბერგს კი მხოლოდ ოთხი. მათგან ბოლო გამარჯვება ახლახანს, მექსიკაში მოიპოვა.
კვლავ არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელსაც ინტერლაგუშზე ამ უქმეებზე თითზე ჩამოსათვლელი წრეები თუ ექნება გავლილი. მიზეზი კვლავ „ჰონდას“ ძრავია. პირველ პრაქტიკაზე რომ ახალი ძრავი გამოვიდა მწყობრიდან, მის მანქანაზე ის აგრეგატი დააყენეს, რომელიც მექსიკაში უნდა გამოეყენებინა, მაგრამ იქ ერთი წრის გავლაც ძლივს შეძლო. და აი, კვალიფიკაციაზეც იგივე გამეორდა - სწრაფ წრეზე არც კი იყო წასული, რომ ბოქსებიდან აცნობეს, გაჩერდი, ძრავს რაღაც სჭირსო. ისიც გაჩერდა, მერე ტრასის მიღმა, გასაშლელ სკამზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა. სხვა რაღა დარჩენოდა...

„აბუ დაბისთვის უკეთ მოვემზადები და გასარუჯ ლოსიონს ვიქონიებ“, - ნარბოლევს იხუმრა ალონსომ, შემდეგ კი ჯენსონ ბატონთან ერთად, კვარცხლბეკზე ავიდა და პირველ საფეხურზე დადგა. ამგვარად, ყოფილმა ჩემპიონებმა ამ სეზონში პირველად დადგეს ფეხი კვარცხლბეკზე...

ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:11.282
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:11.360
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:11.804
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:12.085
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:12.144
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:12.265
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:12.322
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:12.415
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:12.417
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:12.739
- - - - - - - - - -
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:12.989
12. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:13.045
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:13.147
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:13.233
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:13.913
- - - - - - - - - -
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:13.385
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:13.425
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:16.151
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:16.283
20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)     დროის გარეშე

No comments:

Post a Comment