დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 29, 2015

ალონსო სეზონის გამოტოვებას განიხილავდა

Motor racing-Alonso could take a sabbatical in 2016, says Dennis
29 ნოემბერი
ფერნანდო ალონსო აღიარებს, რომ „მაკლარენის“ შეფ რონ დენისთან ერთად, მომავალი სეზონის გამოტოვების ვარიანტს განიხილავდა. ოღონდ, ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ამჟამად გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ სეზონში იასპარეზებს. ეს ამბავი აბუ დაბიში დენისმა გაახმაურა. მან თქვა, რომ იყო მომენტი, როცა ალონსოს მომავალ სეზონში ასპარეზობის გარანტია არ არსებობდა.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს უთქვამს, რომ თუ ზამთრის ტესტების დროს, მანქანას შეატყობდა, რომ კვლავ არაკონკურენტუნარიანია, მაშინ ერთ სეზონზე შვებულებას აიღებდა. შემდეგ კი დაბრუნდებოდა და კონტრაქტით დარჩენილ ორ სეზონსაც უოკინგელებთან ერთად გაატარებდა.
„ჩვენ ბევრი იდეა განვიხილეთ, მაგრამ არა ახლა. დღეს ეს თემა აქტუალური არაა. გუნდი პროგრესირებს. ეს გარედან შესამჩნევი არაა, მაგრამ ეს აშკარაა, იღბალიც არ გვიწყობს ხელს. სპასა და მონცაზე, ძრავის შეცვლის გამო, ადგილები დავკარგეთ, ოსტინში მექანიკური პრობლემები გვქონდა, მექსიკაში რბოლაში არც მიმიღია მონაწილეობა. ბოლო რბოლებში იღბალი ცოტა უსამართლოდ გვექცეოდა, თორემ ჩვენი პროგრესი უფრო შესამჩნევი იქნებოდა. ჩვენ ახლა მთლიანად მომავალი სეზონისთვის მზადებაზე ვართ გადართული. მანქანაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე სამი-ოთხი თვის წინ“, - ამბობს ალონსო.
აბუ დაბის რბოლიდან რამდენიმე დღეში, ალონსოს უოკინგში ელიან, სადაც მისთვის ახალი ბოლიდის კოკპიტს ამზადებენ. გარდა ამისა, მას კონსულტაციები ექნება ინჟინრებთან და გაივლის ტესტებს სიმულატორზე. ესპანელი თვლის, რომ პირველი ტესტი ვერც გამოავლენს მანქანის რეალურ შესაძლებლობებს და ეს საკმარისი არ იქნება შვებულების აღების გადაწყვეტილების მისაღებად.
„კონტრაქტი კიდევ ორ სეზონზე მაქვს და რბოლებში მონაწილეობას ვაპირებ. ერთი ტესტის შემდეგ ვერ იტყვი, რამდენად კონკურენტუნარიანია მანქანა და როგორ წარიმართება სეზონი. ეს შეუძლებელია. პირველ ტესტებზე მეორენი ვიქნებით, თუ მეცხრენი, ეს გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებს“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ შვებულების თემა რეალურიც რომ ყოფილიყო, მაშინ ერჩივნა, ეს სეზონი გამოეტოვებინა, რადგან მომავალ სეზონში „ჰონდას“ პროგრესი ექნება.

No comments:

Post a Comment