დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 25, 2015

აფხაზავა და „არტლაინ ტიმ ჯორჯია“ „ლამბორგინის“ სუპერ ტროფეოს ჩემპიონები არიან

25 ნოემბერი
ამერიკის ქალაქ სებრინგში (შტატი ფლორიდა) დასრულდა „ლამბორგინის“ „ბლანპენ სუპერ ტროფეოს“ ევროპული სერიის სეზონი, სადაც ქართულმა გუნდმა „არტლაინ ტიმ ჯორჯიამ“ და მისმა მფლობელმა შოთა აფხაზავამ ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს. ჯერ ერთი, აფხაზავა მოყვარულთა კატეგორიაში გახდა სერიის ჩემპიონი. მეორეც, მისი გუნდის ეკიპაჟმა, რომელიც პროფესიონალ-მოყვარულთა კატეგორიაში გამოდის და რომელშიც ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და რუსი მიხაილ სტეპანოვი ასპარეზობდნენ, მეორე რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო.
პირველი რბოლა ადვილად მოიგო ამ სეზონის ყველაზე გამორჩეულმა პილოტმა, ფინელმა პატრიკ კუიალამ, რომელსაც პროფესიონალთა კატეგორიაში უკვე განაღდებული ჰქონდა ჩემპიონობა. მაგრამ მეორეში, რომელშიც ძლიერი წვიმის გამო, სტარტზე პელოტონს უსაფრთხოების მანქანა გაუძღვა, კუიალა რბოლას ადრევე გამოეთიშა. კარგა ხანს, გამარჯვებისთვის უშეღავათო პაექრობა ჰქონდათ იტალიელ რიკარდო აგოსტინის, ვისაც სამი წლის წინ, „ფერარის“ ფ1-ის ტესტებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ფინელ მიკო ესკელინენს, მაგრამ ბოლო წრეზე შლეგელმილხმა (ფოტოზე მწვანე ურაკანით) ორივეს გაასწრო და როგორც ნარბოლევს განაცხადა, თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, ევროპული სერიის მოყვარულთა კატეგორიაში აფხაზავამ, ვისაც სებრინგის რბოლებში თავი არ გამოუჩენია, 111 ქულა დააგროვა და 18 ქულით აჯობა უახლოეს მდევარს, შვეიცარიელ მარკ ინაიხენს. პროფესიონალ-მოყვარულთა კატეგორიაში, „არტლაინ ტიმ ჯორჯიას“ შლეგელმილხისა და სტეპანოვის წყვილმა სეზონი 68 ქულით და მე-7 ადგილით დაასრულა. გუნდებს შორის, „არტლაინ ტიმ ჯორჯიამ“ მოყვარულებში 102 ქულა მოაგროვა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. პროფესიონლ-მოყვარულების შერეულ კატეგორიაში კი, 49 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა.

No comments:

Post a Comment