დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 31, 2015

როსბერგის მექსიკური პოული

Motor racing-Rosberg takes Mexican Grand Prix pole position
31 ოქტომბერი
მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. გერმანელი პილოტისთვის ეს ზედიზედ მეოთხე პოულ პოზიციაა და ზედიზედ მეხუთე კვალიფიკაცია, რომლის მოგებასაც, მსოფლიოს აწ უკვე სამგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი ვერ ახერხებს. თუმცა, ბრიტანელი პილოტი რბოლას კვლავ მეორე პოზიციიდან დაიწყებს და მართალია, მან მესამე ტიტული წინა ეტაპზე უკვე გაინაღდა, თუმცა როგორც ყოველთვის, კვლავაც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
მექსიკაში ფორმულა 1-ის რბოლა 1992 წლის შემდეგ პირველად ტარდება და დიდი რბოლების მონატრების გარდა, ადგილობრივი მაყურებლის ინტერესს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ მასში მექსიკელი სერხიო პერესიც მონაწილეობს. „ფორს ინდიას“ პილოტმა კვალიფიკაცია მე-9 ადგილზე, თანაგუნდელ ნიკო ჰულკენბერგზე ერთი საფეხურით წინ დაასრულა.
„პირველ მოსახვევამდე გრძელი გზაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე დიდი ბრძოლა გვექნება. დარწმუნებული ვარ, მანქანა ხელს შემიწყობს. ძალიან მომეწონა მექსიკა და ამ ტრასაზე რბოლა. ძალიან კარგი ტრეკია“, - განცხადა როსბერგმა, რომელმაც კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა რბოლისას „გაბრაზებულ ნიკოს“, უპასუხა: „არა. განსხვავება არ იქნება. როგორც ყოველთვის, შემტევი ვიქნები“.
სებასტიან ფეტელი მესამეა და მართალია, ამ სეზონში უკვე სამი რბოლა მოიგო, მაგრამ იცის, რომ „მერსედესი“ ამ ეტაპზე „ფერარიზე“ სწრაფია და იღბლის დახმარებაა საჭირო იმისათვის, რომ როსბერგს აჯობოს და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულოს. ამერიკული რბოლის შემდეგ, ის მეორე ადგილზეა და თავის მეტოქე თანამემამულეს ოთხ ქულას უგებს.
ჰამილტონი პოულებს გადაეჩვია. სეზონის პირველ 12 ეტაპზე, 11 პოულის მოგების შემდეგ, ხუთჯერ კვალიფიკაციაში დამარცხდა. თუმცა, ეს რბოლების მოგებაში ხელს ვერ უშლის. და მაინც, კარიერაში 50-ე პოულის მოპოვებაში, კვალიფიკაციის მიწურულს დაშვებული მცირე შეცდომები უშის ხელს. ამჯერადაც ასე მოხდა. ის ამბობს, რომ მას და ნიკოს განსხვავებულად ჰქონდათ მანქანები მომზადებული და თუ კვალიფიკაციაში მიზანს ვერ მიაღწია, რბოლაში ეცდება საწადელის მიღწევას. ამასთან ამბობს, რომ თანაგუნდელს ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულებაში არ დაეხმარება. ჩემპიონს ამ სეზონში 10 მოგება აქვს და თუ დარჩენილ სამ რბოლასაც მოიგებს, ამით ფეტელის რეკორდს - სეზონში 13 გამარჯვებას გაიმეორებს. ეს კი მოტივაციისთვის საკმაოდ კარგი საბაბია.

მექსიკის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:19.480
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:19.668
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:19.850
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:20.398
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:20.399
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:20.448
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:20.567
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:20.710
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:20.716
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:20.788
- - - - - - - - - -
11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:20.942
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:21.038
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:21.261
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:21.544
15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:22.494
- - - - - - - - - -
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:21.779
17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:21.788
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:24.136
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:24.386
20. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი    დროის გარეშე

No comments:

Post a Comment