დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 26, 2015

მიკელსენმა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვა

Rallying-Mikkelsen takes maiden win after Ogier smash
27 ოქტომბერი
ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა, რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ეტაპი - ესპანეთის რალი მოიგო, რაც WRC-ზე მისი პირველი გამარჯვებაა. ოღონდ, მას იმის წყალობით მიაღწია, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე, სებასტიან ოჟიემ თავისი „ფოლკსვაგენი“ დაამტვრია. არადა ფრანგი, რომელმაც ვადამდე მოიპოვა თავისი მესამე ტიტული, რბოლას ლიდერობდა.
ოჟიეს ავარია სპეცმონაკვეთის ფინიშამდე 4 კილომეტრით ადრე მოუვიდა. ის საგზაო დამცავ ბარიერს დაეჯახა, რის შედეგადაც მის მანქანას მარჯვენა უკანა ბორბალი მოძვრა. ოჟიე ვერტმფრენით ბარსელონას ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სად ჩატარებულმა გამოკვლევამაც, ბედად ტრავმა ვერ აღმოუჩინა. არადა, ავარიამდე ოჟიე მიკელსენს 50 წამზე მეტს უგებდა.
საინტერესოა, რომ მსგავსი ინციდენტი შვედეთის წლევანდელ რელიზეც მოხდა. მაშინ გამარჯვების რეალური შანსი მიკელსენს ჰქონდა, მაგრამ სწორედ ბოლო ეტაპზე დაუშვა შეცდომა და გამარჯვება ოჟიეს დარჩა. ახლა ფრანგმა, რომელსაც ქულები საერთოდ აღარ სჭირდება, თანაგუნდელს ხურდა დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ეს განზრახ არ გაუკეთებია. ასეა თუ ისე, მან ამ სეზონში მერვე გამარჯვება გაუშვა ხელიდან.
„ეს აბსურდია, რადგან ოჟიე არასდროს უშვებს შეცდომებს. მოკლედ, როცა მითხრეს, რომ სებასტიანს ავარია მოუვიდა და მე მოვიგე, არ მჯეროდა. ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო. და მართალია, ასეთ გამარჯვებას არ ვისურვებდი, იმდენად ხშირად ვიყავი სხვა დროს მოგებასთან, რომ ვფიქრობ, ეს დავიმსახურე“, - ამბობს 26 წლის ნორვეგიელი, ვისაც WRC-ს 64 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მან სულ რაღაც 3.1 წამით აჯობა კიდევ ერთ თანაგუნდელს, ფინელ იარი-მატი ლატვალას, რომელიც კარგა ხანს ოჟიეს მთავარი კონკურენტი იყო, მაგრამ შემდეგ საბურავი დაუზიანდა და დრო დაკარგა, რითაც მიკელსენს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 12-15 ნოემბერს, უელსის გზებზე გაიმართება.

ესპანეთის რალი
1. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)                   3:21:04.800
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენ)                       +00:03.100
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                                   00:21.200
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                                 01:06.300
5. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                                        01:08.200
6. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                            01:23.300
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                                        04:14.200
8. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                                      08:01.900
9. პონტუს ტიდემანდი (შვედეთი, შკოდა)                                08:56.800
10. იან კოპეცკი (ჩეხეთი, შკოდა)                                                 09:07.500

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 238 ქულა (ჩემპიონი); 2. იარი-მატი ლატვალა - 180; 3. ანდრეას მიკელსენი - 154; 4. მადს ოსტბერგი - 110; 5. კრის მიკი - 94; 6. ტიერი ნოივილი - 90; 7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) - 81; 8. დანიელ სორდო - 77; 9. ჰეიდენ პადონი - 74; 10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) - 63...

No comments:

Post a Comment