დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 21, 2015

„სუზუკიმ“ „ფოლკსვაგენისგან“ თავისი აქციები გამოისყიდა

Suzuki confirms $3.8 billion buyback of Volkswagen stake
21 სექტემბერი
„სუზუკი მოტორმა“ გამოაცხადა, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისგან საკუთარი აქციები უკან გამოისყიდა, რაც 460.3 მილიარდი იენი (დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარი) დაუჯდა. ამგვარად, მათს შორის არშემდგარ პარტნიორობას საბოლოო წერტილი დაესვა. ტოკიოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ საერთო ჯამში, საკუთარი 111.6 მილიონი აქცია გამოისყიდა.
სულ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა „სუზუკის“ სარჩელი და იაპონურ კომპანიას, საკუთარი აქციების უკან დაბრუნების უფლება მისცა. „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს „სუზუკის“19.9 პროცენტი, მათ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა შეძენილი. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა მათს მრავალმხრივ თანამშრომლობას, რაც ტექნოლოგიების გაცვლას და სხვა საბაზრო საკითხებს ითვალისწინებდა.

კერძოდ, „სუზუკის“ გერმანული კომპანიის უახლესი „მწვანე“ ტექნოლოგიები აინტერესებდა, „ფოლკსვაგენისთვის“ კი ინტერესის სფეროს, იაპონური კომპანიის მცირე ავტომობილების წარმოებაში დაგროვილი გამოცდილება და აზიის ქვეყნების, მეტადრე კი ინდურ ბაზრებზე მის ხელთ არსებული სადილერო ქსელი იყო. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სუზუკიმ“ „ფიატთან“ დიზელის ძრავების შესყიდვაზე კონტრაქტი გააგრძელა. ამის შემდეგ, მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
„სუზუკი“ იყო და არის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების სპეციალისტი. მაგრამ ის „ფოლკსვაგენსა“ და „ტოიოტაზე“ დაახლოებით ოთხჯერ პატარაა, რის გამოც, ახალი ტექნოლოგიების ათვისება შედარებით ძვირი უჯდება, რადგან შედარებით მცირე წარმოების გამო, მისი ავტომობილების თვითღირებულება შედარებით მაღალია - „ფოლკსვაგენსაც „ და „სუზუკისაც“ ახალი ტექნოლოგიების და პლატფორმების შემუშავება შეიძლება ერთნაირი თანხა უჯდებათ, მაგრამ გერმანული ჯგუფისთვის ეს თანხა უფრო მეტ წამოებულ ავტომობილზე ნაწილდბა და ეს უფრო მაღალ რენტაბელობაში აისახება. ამიტომ, „სუზუკის“ პარტნიორი ესაჭიროება. თუმცა მისმა შეფმა ოსამუ სუზუკიმ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ყოველ პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებისას, მთავარ პირობად, „სუზუკის“ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დააყენებს.

No comments:

Post a Comment