დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 5, 2015

ახალი „ოპელ ასტრა“ - შესანიშნავი აეროდინამიკა და ეფექტურობა

New Opel Astra: Outstanding Aerodynamics for Best Efficiency
5 აგვისტო
მსუბუქი, მოკრძალებული და მოქნილი - ამ სიტყვებით შეიძლება უახლეს ჰეჩბეკ „ასტრას“ დახასიათება, რომლის მსოფლიო პრემიერასაც „ოპელი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამართავს. ასეთია ახალი ავტომობილი, რომლის დახმარებითაც, ბაზრის ყველაზე კონკურენტულ, კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, „ოპელი“ კონკურენტებთან გამკლავებას აპირებს. რიუსელსჰაიმში ამბობენ, რომ ეს არის „კვანტური ნახტომი“ ტექნოლოგიებსა და განვითარებაში, რისი მთავარი მიზანიც, მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაა.
დიზაინისა და აეროდინამიკური მახასიათებლების მხრივაც, ახალი „ასტრა“ იმ ტრადიციასა და ღირსებებს ავითარებს, რომლებითაც ჯერ კიდევ 1984 წლის „კადეტ E CSi“ იყო გამორჩეული. ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე რაციონალურად შემუშავებული ჰეჩბეკი, რომლის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტიც, სულ რაღაც, 0.30 იყო. ეს ის თვისებაა, რომელიც საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშრორჟანგის შემცველობის შემცირებას განაპირობებს.
„ოპელი“ ამბობს, რომ ახალი „ასტრას“ მთავარი ღირსება, მისი კომპაქტური ზომებია. ის წინამორბედზე 5 მილიმეტრით ვიწრო და თითქმის 25 მილიმეტრით დაბალია. ის უფრო ვიწრო საბურავებზე დგას, ეს ყველაფერი კი აეროდინამიკასაც აუმჯობესებს და ბორბლების გორვის წინააღმდეგობასაც. ამ ყველაფრის წყალობით, ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიის უფრო მეტი ნაწილი ხმარდება მის მოძრაობას. და ესეც არაა ყველაფერი, ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სახურავის მოყვანილობას, შუა საყრდენს, ასევე ძირის ფორმას. საბოლოო ჯამში, ავტომობილის წინააღმდეგობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი - 0.285 გამოვიდა.
ახალი „ასტრას“ ეკონომიურობას და ეფექტურობას, მისი ბოლო თაობის ძრავებიც განაპირობებს, რომელთა სიმძლავრეც, 95-დან 200 ცხენის ძალამდეა. „ოპელის“ ინფორმაციით, ყველა ახალი ძრავი სიმძლავრით და საწვავის მცირე ხარჯით გამოირჩევა. ისინი კარგად რეაგირებენ აქსელერატორის გადაადგილებაზე და უხმაუროდაც მუშაობენ. ყველაზე ეკონომიური, 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავია, რომლით აღჭურვილი „ასტრაც“ 100 კილომეტრის გასავლელად, 4.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 96 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment