დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 10, 2015

„ფორდ მუსტანგი“ ევროპელებისთვის

EU-Spec Ford Mustang GT Sprints To 100 KM/H In 4.8 Sec, EcoBoost Turbo In 5.8 Sec
10 მაისი
„ფორდი“ ივლისში ევროპელი დილერებისთვის უახლესი „მუსტანგის“ მიწოდებას დაიწყებს. ამერიკული ავტოინდუსტრიის სიამაყე მალე ძველ კონტინენტზე შეაბიჯებს, სადაც მასზე შეკვეთა უკვე 2200-ზე მეტ ადამიანს აქვს მიცემული. მართალია, დევიზით „ერთი ფორდი“, ცისფერი ოვალი თავის ყველა მოდელს ადრეულ ფაზაშივე უსადაგებს ყველა ბაზარს, მაგრამ იმავდროულად, ავტომობილს დიდი ბაზრების შესაფერისი სპეციფიკაციებითაც უშვებს.

ასეა ევროპისთვის განკუთვნილი „მუსტანგის“ შემთხვევაშიც. შეკვეთების რაოდენობა შეიძლება ერთი შეხედვით ცოტაა, მაგრამ აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ევროკავშირში იმპორტირებული დიდლიტრაჟიანი ძრავების მქონე ავტომობილები დიდი გადასახადით იბეგრება. მათთვის, ვისაც მაღალი საბაჟო გადასახადი უარყოფითი ფაქტორია, ეკობუსტის სერიის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავია განკუთვნილი.
ეს ძრავი 317 ცხენის ძალას და 432 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და მისით აღჭურვილი „მუსტანგი“ (ფასტბეკის ძარით და მექანიკური კოლოფით) ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.8 წამში ავითარებს. ამასთან, ეს უფრო ეკონომიური ვერსიაცაა - ასი კილომეტრის გასავლელად, საშუალოდ 8.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 179 გრამია.

თუმცა, „მუსტანგისთვის“ უფრო ფამილარული, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც 421 ცხენის ძალას და 530 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს არის ყველა დროის უსწრაფესი სერიული „ფორდი“, რომლებიც კი ოდესმე ევროპულ ბაზარზე ოფიცალური დილერების მიერ გაყიდულა. სისტემა ლონჩ კონტროლის დახმარებით, ასეთ „მუსტანგს“ (ფასტბეკს, რომელიც 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი) ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.8 წამი ჰყოფნის. ამაზე უფრო სწრაფი აჩქარება, 2005 წელს გამოშვებულ სუპერ ავტომობილ „ფორდ GT-ს“ აქვს, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით დამზადდა და სერიულად არ ითვლება. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, ას კილომეტრზე ასეთ „მუსტანგს“ საშუალოდ 12.0 ლიტრი საწვავი სჭირდება, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი (ყოველ კილომეტრზე) 281 გრამია.

როგორც „ფორდი“ აცხადებს, დინამიკური მახასიათებლებით, ავტომობილი ევროპული ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სტანდარტულ აღჭურვილობაში შევიდა სპორტული პაკეტი, რომელიც უფრო მძლავრ მუხრუჭებს და გაგრილების ეფექტურ სისტემას მოიცავს. ეს ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, აქვს მაღალი ინტენსივობის განმუხტვის წინა და თხევადკრისტალური უკანა ფარები. ავტომობილი ასევე უკანა დფუზრით, სალონში ორმაგი კლიმატ კონტროლით, კავშირის სისტემა SYNC 2-ით და 9-სპიკერიანი აუდიო სისტემით გამოირჩევა. ინფოტაინმენტ სისტემას 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება.
გერმანიის ბაზარზე, ეკობუსტის ძრავით და მექანიკური კოლოფით აღჭურვილი „მუსტანგის“ საწყისი ფასი 35 000 ევროა, V8 ძრავით აღჭურვილი ვერსია GT კი 40 000 ევრო ღირს.

No comments:

Post a Comment