დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 14, 2015

„მერსედეს F 015 ლაქშრი ინ მოუშნ“ – 2030 წლის ავტომობილი დღეს

Mercedes’ F 015 Luxury in Motion Is an Autonomous Vehicle from the Year 2030
14 თებერვალი
„მერსედეს-ბენცმა“ ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დეტროიტის მოტორ შოუებზე ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელიც ახლავე შეიძლება მივიჩნიოთ ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საავტომობილო ქმნილებად. ოღონდ, ავტონომიური ავტომობილის ინტერიერზე შტუტგარტელთა ხედვას წარმოგვიდგენს. ავტომობილის სახელია „მერსედეს F 015 ლაქშრი ინ მოუშნ“.
ისევე როგორც F სერიის სხვა კონცეპტები, F 015-იც მომავლის ხედვას წარმოგვიდგენს. სახელი „ლაქშრი ინ მოუშნ“ კი ფუფუნება მოძრაობაშია - რა თქმა უნდა, „მერსედესი“ ხომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა პრემიუმ ბაზარზე. კომპანიის განმარტებით, F 015 გვიჩვენებს, „თუ როგორ ჩამოყალიბდება ავტომობილი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, პირად სივრცედ“.
„მერსედეს-ბენცი“ ასევე ამბობს, რომ კონცეპტი F 015 არის პასუხი სწრაფად ცვალებადი სამყაროსადმი. კონცეპციის განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის, მთელს მსოფლიოში იმ მეგა ქალაქების რიცხვი, რომლებშიც 10 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, 30-დან 40-მდე გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქალაქებში ავტომობილით გადაადგილება სულ უფრო გართულდება და დამღლელი გახდება. სწორედ ამ გარემოსთვისაა მისადაგებული კონცეპტი F 015.
„21-ე საუკუნეში, ფუფუნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საშუალება, პირადი სივრცე და დროა. „მერსედეს-ბენცის“ ავტონომიური ავტომობილები, ამ ორივეს უზრუნველყოფს. F 015 რევოლუციური კონცეპტია და მასში ფუფუნების ეს ორი პირობაა შერწყმული“, - ამბობს „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიტერ ცეტშე. ფაქტია, F 015-ის ინტერიერი, დასასვენებელ ოტახს ჰგავს, რომელიც ავტომობილსა და მგზავრებს შორის, ასევე გარე სამყაროსთან, ინფორმაციის მუდმივ გაცვლას უზრუნველყოფს.
F 015’ის ინტერიერში ოთხი ინდივიდუალური სავარძელია მოთავსებული, რომლებიც ვერტიკალური ღერძის გარშემო ტრიალდება. ასე რომ, შესაძლებელია მათი ისეთი განლაგება, რომ ოთხივე მგზავრი ერთმანეთს პირისპირ უყურებდეს. მათ შეუძლიათ მგზავრობისას არამხოლოდ დასვენება და ერთმანეთთან ურთიერთობა, არამედ მუშაობაც კი. გარდა ამისა, სალონში შესვლისა და იქიდან გადმოსვლის გასაადვილებლად, როცა კარი ღია მდგომარეობაშია, სავარძლები ელექტრონული სისტემის დახმარებით, კარისკენ 30 გრადუსით მიტრიალდება. გარდა ამისა, მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ მოძრაობის მიმართულებით მიტრიალება. ეს ძირითადად იმ დროს მოხდება, როცა მძღოლი ავტომობილის მართვას გადაწყვეტს.
სალონში ექვსი სენსორული ეკრანია მოთავსებული, რომლებიც მაჩვენებლების დაფის და ცენტრალური კონსოლის გარდა, ავტომობილის ორივე კარზეც განლაგდა. მგზავრებს შეუძლიათ სისტემასთან როგორც ჟესტიკულაციით ურთიერთობა, ასევე თვალით მინიშნებით და ხელით შეხებითაც. მთელი ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგზაო საცობებში მოძრაობის დროსაა, როცა მგზავრი ბევრ დროს კარგავს. F 015 მას გარე სამყაროსთან სრულფასოვანი ურთიერთობის და გარკვეული საქმეების შესრულების საშუალებას მისცემს.
კონცეპტუალური F 015 უჩვეულო გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5 220 მილიმეტრია, სიგან 2 018 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 524 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 3 610 მილიმეტრია. ამან ინჟინრებს იმის საშუალება მისცა, რომ სალონი რაც შეიძლება ფართო ყოფილიყო, რათა მასში მგზავრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. ავტომობილის ძარა მონოლითურად გამოიყურება. მის წინა და უკანა ნაწილებში, შუქდიოდური ელემენტებისგან შემდგარი მოდულებია, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და შესაბამისად, განსხვავებული ფერებით ანათებენ. ავტომობილს ამ ფერებითაც შეუძლია გარე სამყაროსთან ურთიერთობა. მაგალითად, შუქდიოდური მოდულის განთების მიხედვით შეიძება გამოცნობა, ავტომობილს მძღოლი მართავს (თეთრი შუქი), თუ ის ავტონომიურ რეჟიმში მოძრაობს (ლურჯი შუქი).
კონცეპტ F 015-ის სტრუქტურა მსუბუქი მასალებითაა შემუშავებული. გამოყენებულია როგორც ალუმინი, ასევე კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკი (CFRP) და მტკიცე ფოლადი. ავტომობილის მამოძრავებელი აგრეგატი ელექტრო ძრავია, რომელსაც ენერგიით წყალბადის ფიჭური ელემენტები კვებავს. გარდა ამისა, ჭარბი ენერგია ელემენტების ბლოკში ინახება, რომლის დამუხტვაც საყოფაცხოვრებო ქსელიდან (პლაგ-ინ სისტემა) შეიძლება. სხვათა შორის, ეს ძალური დანადგარი გერმანულმა კომპანიამ პირველად კონცეპტ F 125-ზე გამოიყენა, რომელიც 2011 წელს შეიმუშავა.

No comments:

Post a Comment