დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 6, 2014

„რადიკალის“ ახალი ფლაგმანი

Radical reveals new flagship sports car
6 ნოემბერი
ბრიტანულმა კომპანია „რადიკალმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან დაიწყებს ახალი ფლაგმანი სპორტული ავტომობილის, SR8 RSX-ის წარმოებას. გარდა ამისა, მოდელ SR3-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიასაც გამოუშვებს. ახალი ფლაგმანი ბაზარზე მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მისი ფასი 131 940 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ეს ავტომობილი, 3.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელიც 440 ცხენის ძალას (10 500 ბრ/წთ-ზე) და 380 ნიუტონმეტრს (7 500 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტებით შეიცვლება. ავტომობილი 860 კილოგრამს იწონის. კომპანია მის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა მის შესანიშნავ მონაცემებში ეჭვის შეტანაც არ ღირს.
სასტენდო ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ძრავს სერვისებს შორის 40 საათი ინტენსიური დატვირთვით მუშაობა შეუძლია. ყოველი ციკლის შემდეგ კი ის უნდა დაიშალოს და ძლიერ დატვირთული ნაწილები გამოეცვალოს. ერთი შეხედვით, 40 საათი ბევრი არაა, თუმცა ეს მთელი სარბოლო სეზონის ტოლფასია.
RS8 RSX-ის დიზაინში, LMP2 კლასის სარბოლო Radical SR9-თან ნათესაობა შეინიშნება. ავტომობილის ბაზისად გამოყენებულია ფოლადის მილებით შეკრული სივრცული სტრუქტურა, ძარა კი კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული. შასი LMP2 კლასის  სარბოლო ავტომობილებისთვის, FIA-ს ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ავტომობილი რბოლებისთვისაც ვარგისია.
SR8 RSX-ის საკიდარი, წინაც და უკანაც ორმაგი „ჩანგლების“ სტრუქტურას ეყრდნობა. ბორბალსა და დრეკად ელემენტს (ზამბარისა და ამორტიზატორის წყვილი) შორის კავშირს მბიძგველი ბერკეტი უზრუნველყოფს. ოთხივე ბორბალს ექვსცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემა და 350-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება. ისინი 17-დუიმიანი ბორბლების შიგნითაა მოთავსებული. ამასთან მყიდველს ოპციის სახით 18-დუიმიან ბორბლებსაც შესთავაზებენ.
კოკპიტში ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია 7-დუიმიანი ეკრანი, რომლითაც ავტომობილის ძირითადი პარამეტრების გამოტანა და კონტროლი შეიძლება. კიდვ ერთი სიახლეა საჭის მექანიზმის ელექტრო გამაძლიერებელი, რომელსაც „რადიკალი“ თავის ავტომობილებზე პირველად გამოიყენებს. ბრიტანული კომპანია გვპირდება, რომ SR8 RSX-ს ისეთი მახასიათებლები აქვს, რომლებითაც კონკურენტი ავტომობილები ვერ დაიკვეხნიან. ამ მახასიათებლებით, ფლაგმანი ახლოსაა ლე მანის ტიპის სარბოლო პროტოტიპების კლასის ავტომობილებთან.
რაც შეეხება SR3-ის ახალ, უფრო სწრაფ ვერსიას, მისი სრული სახელია SR3 RSX. ის „სუზუკის“ წარმოების 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი DOHC ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 210 ცხენის ძალას (9 500 ბრ/წთ-ზე) და 170 ნიუტონმეტრს (8 200 ბრ/თ-ზე) ავითარებს. ამ აგრეგატით, რომელთანც 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, 570-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. ამ ავტომობილის ფასი 80 349 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment