დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 1, 2014

ამჯერად პოულზე როსბერგი დადგება

Motor racing-Rosberg on pole for U.S. Grand Prix
1 ნოემბერი
ამერიკის დიდი პრიზის სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ კვალიფიკაცია მასზე გაცილებით უკეთ ნიკო როსბერგმა ჩაატარა და პოულიც მისი ნადავლი გახდა. მთავარია, რომ აწ უკვე ჩემპიონის რანგში მოასპარეზე „მერსედესმა“ მოწინავე რიგი დაიპყრო და მეორე რიგიც მისი კლიენტი „უილიამსის“ პილოტების, ვალტერი ბოტასის და ფელიპე მასას საკუთრება გახდა.
როსბერგს და ჰამილტონს დიდი შანსი აქვთ, თავიანთ გუნდს სეზონში მეათე დუბლიც მოუპოვონ, რითაც სამქიმიანები „მაკლარენის“ 1988 წლის მიღწევას გაიმეორებენ. შეგახსენებთ, რომ მაშინ უოკინგელთა რიგებში ლეგენდარული აირტონ სენა და ალენ პროსტი ასპარეზბდნენ. ოღონდ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ სეზონში მხოლოდ 16 რბოლა შედიოდა, ამჟამად კალენდარში 19 ეტაპია, რომელთაგან ამერიკული მე-17 რბოლაა.
როსბერგმა ამ სეზონში მეცხრე (კარიერაში მე-13) პოულ პოზიცია მოიპოვა და ამ მხრივ თავის თანაგუნდელს სჯობს, მაგრამ სამაგიეროდ, ჰამილტონის ანგარიშზე 9 გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე 3 ეტაპით ადრე, ჰამილტონი როსბერგს 17 ქულას უგებს, დარჩენილ სამ რბოლაში კი მაქსიმუმ 100 ქულის (50 აბუ დაბიში) აღებაა შესაძლებელი.
ნარბოლევს როსბერგი საკუთარი ბოლიდის მუშაობით კმაყოფილი იყო: „შესანიშნავად იმუშავა. ჩემი ინჟინრების წყალობით, ისეთი მანქანით ვიასპარეზე, რომელმაც ძალიან მასიამოვნა. ამ დილით ძალიან გრილოდა და ამის გამო, ტრასის მდგომარეობა მუდმივად იცვლებოდა. ამიტომ მანქანის მომართვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა ადვილი არ იყო. ეს პირველი ადგილი ძალიან კარგია, მაგრამ ქულებს რბოლის შემდეგ იძლევიან. ამიტომ, მთავარი სწორედ მისთვის კარგად მომზადებაა“.
როსბერგისგან განსხვავებით, მანქანამ ვერ ასიამოვნა ჰამილტონს, რომელიც მუხრუჭებით და საბურავებით უკმაყოფილო დარჩა. თანაც, ორივე პრობლემა კვალიფიკაციის დასკვნით, მესამე სექციაში წარმოიქმნა. სხვათა შორის, მეორე პრაქტიკის დროს, მისსავე მანქანაზე ჰიდრავლიკური სისტემაც დაზიანდა.
„ეს პრობლემა თუ რბოლისთვის ვერ გამოვასწორეთ, მაშინ ძალიან გამიჭირდება“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც 2008 წლის ბრაზილიის დიდ პრიზზე საჩემპიონო ტრიუმფიდან ექვსი წლის იუბილე ზუსტად რბოლის დღეს აქვს.

აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:36.067
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:36.443
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:36.906
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:37.205
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:37.224
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:37.610
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:37.655
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                          1:37.706
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:37.804
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:38.810
- - - - - - - - - -
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:38.467
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:38.554
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:38.598
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:38.699
- - - - - - - - - -                                              
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:39.250
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                  1:39.555
17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:39.621
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:39.679

No comments:

Post a Comment