დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 19, 2014

„ფერარი 458“ წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება

Ferrari 458 to get new twin-turbo V8
19 ოქტომბერი
„ფერარი“ თავის პოპულარულ მოდელ 458-ის განახლებულ ვარიანტს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება, წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V8 ძრავი გახდება. და ეს იქნება პირველი ახალი ავტომობილი, რომელსაც მარანელოელები სერჯო მარკიონეს ხელმძღვანელობით გამოუშვებენ.
განახლებული ავტომობილი იმავე ალუმინის პლატფორმაზე აიგება, რომელზეც ახლანდელი „458 იტალია“ გამოდის. ოღონდ, მას მოდიფიკაცია ჩაუტარდება. ახალი ავტომობილის საპროექტო სახელია 142M, სადაც M მოდიფიკაციას ნიშნავს, 142 კი მოდელ „458 იტალიას“ საპროექტო ნომერია.
ახალი ძრავი იმავე 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატის მოდიფიცირებული ვერსია იქნება, რომლითაც განახლებული „კალიფორნია“ აღიჭურვა. „კალიფორნიას“ ვერსია თუ სველკარტერიანია, განახლებული „458 იტალიას“ შემთხვევაში, ძრავს მშრალი კარტერი ექნება. ამასთან, ძრავი ალბათ შეინარჩუნებს ლიტრაჟს, რადგან ჩინეთში 4.0-ლიტრიან და უფრო დიდ ძრავებზე, მაღალი გადასახადებია. ეს ქვეყანა კი „ფერარისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. სხვათა შორის, ახლანდელი „458 იტალია“ 4.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რის გამოც, ჩინეთში მაღალი გადასახადით იბეგრება, ეს კი გაყიდვებს ძლიერ აფერხებს.
ცნობისათვის, „კალიფორნიას“ V8 ძრავის მუშა მოცულობა 3855 კუბური სანტიმეტრია. ძრავის ცილინდრების დიამეტრი 86.5 მილიმეტრია და ისინი „მაზერატის“ 3798 კუბურსანტიმეტრიანი ძრავის ვერსიისგანაა აღებული. ლიტრაჟში სხვაობას მრუდმხარას ოდნავ მეტი სვლის სიგრძე განაპირობებს. განახლებული 458-სთვის „ფერარი“ მრუდმხარას სვლის სიგრძის შემცირებას და ცილინდრების დიამეტრის გაზრდას აპირებს, ოღონდ ისე, რომ ლიტრაჟი შეინარჩუნოს. სამაგიეროდ, ამ ცვლილებებით იმას მიაღწევს, რომ მაქსიმალურ სიმძლავრეს ძრავი მაღალ ბრუნთა რიცხვებზე გამოიმუშავებს.
შესაძლოა, „ფერარიმ“ ძველი ცილინდრების დიამეტრი შეინარჩუნოს და მრუდმხარას სვლა 75 მილიმეტრამდე შეამციროს. ოღონდ ამ შემთხვევაში, ძრავის მოცულობა 3.5 ლიტრამდე შემცირდება და შესაძოა, ამის გამო, მისგან სასურველი სიმძლავრის მოხსნა ვერ მოხერხდეს. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან განახლებული ავტომობილით, „ფერარიმ“ კონკურენცია „მაკლარენის“ უახლეს 650S-ს უნდა გაუწიოს, რომელსაც 650-ცხენისძალიანი ძრავი ემსახურება.
სავარაუდოდ, ახალი ძრავის სიმძლავრე 666 ცხენის ძალა იქნება. 4.0-ლიტრიანი ძრავიდან ამ სიმძლავრის მოხსნა იმას ნიშნავს, რომ ყოველ ლიტრზე აგრეგატმა 168 ცხენის ძალა უნდა გასცეს, 3.5-ლიტრიანის შემთხვევაში კი ლიტრული სიმძლავრე 192 ცხენის ძალა იქნება, რაც გაცილებით რთული მისაღწევია. ამისათვის, ძრავის კუმშვის ხარისხი მაღალ მაჩვენებელს - 12:1-ს მიუახლოვდება. ამაში კი ინჟინრებს დარტყმის ეგრეთ წოდებული იონური სისტემა დაეხმარება, რომელიც ყოველ ცილინდრში წვის პროცესს ინდივიდუალურად არეგულირებს.
ძრავის ლიტრაჟი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მასზე თვითონ ავტომობილის სახელია დამოკიდებული. რიცხვს სწორედ ლიტრაჟის შესაბამისად შეარჩევენ, მას კი ინდექსი T დაემატება, რაც ტურბოს აღნიშნავს. ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, რიცხვი 400-ზე ნაკლები უნდა იყოს.
გარდა ამისა, ახალ ავტომობილს, სხვა ტიპის ტურბო ჩაბერვის სისტემა ექნება, - ამის შესახებ ჟურნალ „ავტოქარს“ იტალიური კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ვინც ვინაობას არ ამხელს. სიახლე შეიძლება გახდეს კომპრესორი ელექტრული ძრავით. „ფერარი“ ამ ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ შესაძლოა მასზე უარი თქვას, რადგან ის აგრეგატს ძალიან გააძვირებს. ჩვეულებრივი ტურბინების გამოყენების შემთხვევაში, ორიდან ერთი, უფრო პატარა მცირე ინერციის მქონე იქნება, რომელიც დაბალ ბრუნვებზე ძრავის მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს, მეორე კი - უფრო დიდი, მაღალი ინერციისა, მაღალ ბრუნვებზე იმუშავებს და ძრავს მაქსიმალურ სიმძლავრეს გამოამუშავებინებს.
რაც შეეხება სტილს, მას ისევ „ჩენტრო სტილე ფერარის“ დიზაინერები, ფლავიო მანცონის ხელმძღვანელობით შეიმუშავებენ. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ახალი ავტომობილი ახლანდლი „458 იტალიას“ ევოლუციური ვერსია იქნება. მთავარ სიახლეებს აეროდინამიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიტანენ.

No comments:

Post a Comment