დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 9, 2014

ფ1-ის პილოტები დახურულ ბოლიდებს განიხილავენ

Alonso and others open to closed cockpit idea, notes how close to death he came at Spa 2012
9 ოქტომბერი
იაპონიის დიდ პრიზზე ფრანგი ჟიულ ბიანკის მძიმედ დაშავების შემდეგ, ფორმულა ერთის პილოტები დახურული კოკპიტების საკითხს განიხილავენ. მათი ნაწილი მომხრეა იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი კოკპიტები გამოსცადონ. ყველა მათგან თანხმდება იმაზე, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ის მანქანის ყველაზე დაუცველი ადგილი, მისი ღია კოკპიტია. შესაბამისად, ფ1-ის და ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილების სხვა სერიების მრბოლები ყველაზე ხშირად თავის ტრავმას ღებულობენ.
„მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ ეს იდეა ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ ის უნდა გამოვცადოთ. ახლა 2014 წელია, ჩვენს ხელთაა ტექნოლოგიები და ჩვენს წინაშეა მაგალითები თვითმფრინავების სახით, რომლებსაც ადრე ღია სანთლები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ დახურეს. არის უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნიკური შესაძლებლობების სასარგებლოდ გამოყენება“, - ამბობს ფერნანდო ალონსო.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფ1-ის ინციდენტების უმეტესობა, თავის ქალის ტრავმით სრულდება. და შესაბამისად, ღია კოკპიტი ის ადგილია, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს, რათა უსაფრთხოება მოწოდების სიმაღლეზე იყოს. „2012 წლის სპას რბოლისას, ძალიან გამიმართლა, რომ პირველ მოსახევში მანქანამ 10 სანტიმეტრით ჩაუქროლა ჩემს თავს“, - ამბობს ესპანელი.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მასამ 2009 წლის უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარ ინციდენტში, თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. მაშინ მას თავში რუბენს ბარიკელოს მანქანიდან მომძვრალი ზამბარა მოხვდა, რომელმაც ჩაფხუტის სტრუქტურა გაარღვია და პილოტს თავის ქალა დაუზიანა. „ჩემს შემთხვევაში, დახურული კოკპიტი გადამარჩენდა. შესაძლოა, ჟიული ვერ დაეცვა, მაგრამ ვინ იცის. ჩემი აზრით, ბევრი სხვა ინციდენტის დროს, მათ შორის ჩემს შემთხვევაშიც, ასეთი დამცავი სტრუქტურა კარგად იმუშავებდა“, - ამბობს ბრაზილიელი.
მაგრამ განსხვავებული მოსაზრება აქვს სებასტიან ფეტელს. „ფორმულა ერთის და ყველა ღიაბორბლიან მანქანებს, დასაწყისიდან ღია კაბინები აქვს და ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც ფორმულა ერთს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს“, - ამბობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული მოსაზრება არ აქვს. ფეტელის მოსაზრებას იზიარებს ჯენსონ ბატონიც.
ადრიან სუტილი კი, ვინც ბიანკის ავარიას ადგილზე შეესწრო, ასევე თვლის, რომ დახურული კოკპიტის იდეა უნდა გამოიცადოს მაინც. „არავინ იცის, ასეთი რამ როგორ დაიცავდა. ამ მანქანებისთვის, დიდი ხანია, ღია კოკპიტი დამახასიათებელი თავისებურებაა. მაგრამ იქნებ, მისი მომავალში მათი დახურვა სჯობდეს კიდეც“, - ამბობს გერმანელი.
მასაც ძველი თვითმფრინავების მაგალითი მოჰყავს, რომლებსაც ადრე ღია კოკპიტი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისინი სანთლებით დაიხურა. და ახლა ამ სანთლების კონსტრუქცია ზებგერით და ჰიპერბგერით სიჩქარესაც კი უძლებს. „თუ ჩვენ რისკის მინიმიზებას ისე შევძლებთ, რომ არაფერს დავკარგავთ, მაშინ ეს საინტერესო იქნება“, - ამბობს სუტილი.

No comments:

Post a Comment