დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 7, 2014

ჰამილტონმა იტალიის დიდი პრიზი მოიგო

Motor racing-Hamilton puts pressure on Rosberg with Italy win
7 სექტემბერი
არადა, საშინელი სტარტი აიღო - ნიკო როსბერგის დაწინაურებას ვინ ჩივის, კევინ მაგნუსენი და ფელიპე მასაც წინ „გაეპარა“. მალევე გაირკვა, რომ ჰამილტონის ჩავარდნის მიზეზი, მისი ძრავის მცირე პრობლემა აღმოჩნდა, რაც ბოქსებიდან მალე გაასწორეს. ჰამილტონმა მეათე წრისთვის მაგნუსენიც და მასაც უკან მოიტოვა, როსბერგს კი 29-ე წრეზე გაასწრო, როცა გერმანელმა პირველ მოსახვევში მეორედ დაუშვა შეცდომა და გზას ასცდა. აქედან მოყოლებული, ჰამილტონს ბადალი აღარ ჰყოლია.



საინტერესოა, რომ როსბერგმა ეს შეცდომა ორჯერ დაუშვა, რის გამოც, პენოპლასტის რეტარდრებს შორის გზის გაკვალვა მოუხდა. რა თქმა უნდა, ამაზე დრო დაკარგა, მაგრამ პირველ შემთხვევაში (მე-9 წრეზე) საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა და ლიდერობა ადვილად შეინარჩუნა. მეორედ კი ჰამილტონი იქვე იყო... ბრიტანელმა თანაგუნდელს ფინიშთან 3.175 წამით მიასწრო და ამ სეზონში მე-5, კარიერაში კი 28-ე გამარჯვება მოიპოვა.


„რაღაც მიზეზის გამო, ღილაკმა, რომელსაც სტარტზე ვიყენებთ, არ იმუშავა. ასე იყო გასახურებელ წრეზე. როცა სასტარტო რიგში ჩავდექი, კიდევ ვცადე, მაგრამ არც მაშინ იმუშავა. ძალიან უცნაური იყო, ასეთი რამ ადრე არასდროს შემმთხვევია. ამის გარეშე ვცადე მაქსიმალურად სწრაფად დაძვრა და იღბლად, ბევრი ადგილი არ დამიკარგავს“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.


შესანიშნავად იასპარეზეს „უილიამსის“ პილოტებმა. მასამ თავიდანვე ლიდერთა შორის დაიკავა ადგილი და საბოლოოდ, ამ სეზონში პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. რაც შეეხება ვალტერი ბოტასს, მან ჰამილტონივით ცუდად დაიწყო რბოლა და თავიდან ათეულს მიღმაც კი აღმოჩნდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწია წინ და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ რბოლის წინ „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის ორივე პილოტს დაიტოვებს. სხვათა შორის, მონცაზე მოპოვებული ქულებით, „უილიამსმა“ კონატრუქტორთა თასზე უკან ჩამოიტოვა „ფერარი“.

სხვათა შორის, „ფერარის“ პრობლემების ფონზე, იტალირლმა ტიფოზებმა სწორედ მასას უქომაგეს და დაჯილდოების ცერემონიაზე ბრაზილიელს ოვაციები გაუმართეს. რაც შეეხებათ „ფერარის“ პილოტებს, ფერნანდო ალონსომ რბოლა 29-ე წრეზე შეწყვიტა, როცა ჰამილტონმა როსბერგს გაასწრო. მისი გაჩერების მიზეზი ენერგიის აღდგენის სისტემა გახდა. საინტერესოა, რომ ბოლო 86 რბოლაში, ალონსო ტექნიკური მიზეზით მხოლოდ მეორედ გაჩერდა. ამასთან, აქამდე ის ერთადერთ პილოტად რჩებოდა, ვინც მიმდინარე სეზონში ყოველ რბოლაში აგროვებდა ქულებს. კიმი რაიკონენი მე-9 ადგილს დასჯერდა, რაც იტალიური გუნდისთვის ნამდვილი კატასტროფაა.

საინტერესოა, რომ რბოლის შემდგ დაისვა კითხვა - ხომ არ იყო როსბერგის მეორე შეცდომა გამიზნული, რათა ჰამილტონისთვის გზა დაეთმო და ასე მოეხადა მისთვის ბოდიში, რაც შესაძლოა, გუნდის მიერ დავალებულიც ყოფილიყო, რაზეც როსბერგმა უპასუხა: „მეც გავიგე ეს, მაგრამ რა მიზეზით უნდა მოვქცეულიყავი ასე გამიზნულად?“ - ამბობს როსბერგი და დასძენს, რომ ტრასაზე დარჩენა რომ ეცადა, ბორბლები უნდა დაებლოკა, რაც მათს ინტენსიურ ცვეთას გამოიწვევდა. და შესაძლოა, ფინიშამდე მეორედაც დასჭირვებოდა ბოქსში ვიზიტი, რაზეც ძალიან ბევრ დროს და ქულებს დაკარგავდა.



კარგად იასპარეზა წინა ორი რბოლის გამარჯვებულმა დანიელ რიკარდომაც, რომელმაც სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო და თავიდან ისიც „ჩაიკარგა“, მაგრამ ბოტასივით კარგად გაისარჯა, რამდენიმე მეტოქე ბრძოლით ჩამიტოვა უკან და ბოლოს მათ თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელიც ზედ მიაყოლა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეტელს მისთვის წინღმდგობა არც გაუწევია - ავსტრალიელი ჯერაც ინარჩუნებს ტიტულის შანსს.

იტალიის დიდი პრიზი
მონცა, დისტანცია 306.720 კმ (53 წრე, 5.793 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:19:10.236
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:03.175
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:25.026
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:40.786
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:50.309
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:59.965
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      01:02.518
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 01:03.063
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             01:03.535
10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       01:06.171
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    01:11.184
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          01:12.606
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            01:13.093
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
17. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1 წრე
19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 2 წრე
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    25 წრე
გ. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                       48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:28.004, 29-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 238 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 216; 3. დანიელ რიკარდო - 166; 4. ვალტერი ბოტასი - 122; 5. ფერნანდო ალონსო - 121; 6. სებასტიან ფეტელი - 106; 7. ჯენსონ ბატონი - 72; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 70; 9. ფელიპე მასა - 55; 10. კიმი რაიკონენი - 41; 11. სერხიო პერესი - 39; 12. კევინ მაგნუსენი - 38; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 11; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მერსედესი - 454 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 272; 3. უილიამს-მერსედესი - 177; 4. ფერარი - 162; 5. მაკლარენ-მერსედესი - 110; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 109; 7. ტორო როსო-რენო - 19; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2

No comments:

Post a Comment