დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 29, 2014

მეხუთე „დისქავერი“ ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი იქნება

Land Rover plans high-tech Discovery 5 for 2016 launch
29 სექტემბერი
„ლენდ როვერი“ ახალ, მეხუთე თაობის „დისქავერის“ წარმოებას წელიწადნახევარში დაიწყებს. თუმცა ახლავე ცნობილია, რომ ეს ამ მარკის ისტორიაში, ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი და მოწინავე ავტომობილი გახდება. უფრო მეტიც, ახალი ავტომობილი, რომელიც თავის დროზე, მყიდველს „რეინჯ როვერის“ ხელმისაწვდომ ვარიანტად შესთავაზეს, არამხოლოდ საუკეთესო ყველგანმავალი გახდება, არამედ ტექნოლოგიური კუთხით, ბევრ სიახლესაც შეიტანს ბაზარზე.

 საკიდარი
ერთ-ერთი ასეთი სიახლე საკიდარს უკავშირდება. ამ მხრივ, „ლენდ როვერი“ ყოველთვის ავანგარდშია ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი არც მეხუთე „დისქავერი“ იქნება. ის სკანირების ლაზერული სისტემით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილის წინ არსებულ გზას „წაიკითხავს“ და მიღებულ მონცემებს ელექტრონულ „ტვინს“ გადაუგზავნის, რომელიც არამხოლოდ საკიდრის მუშაობის კორექტირებას შეასრულებს, არამედ შესაბამის რეჟიმზე გადაიყვანს ძრავსაც და ტრანსმისიასაც.

სტრუქტურა
მეხუთე თაობის „დისქავერი“ იმავე არქიტექტურაზე აიგება, რომელზეც „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტია“ ბაზირებული. მისი მზიდი ნაწილი მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული და სიმსუბუქის გარდა, გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობითაც გამოირჩევა, რაც უგზოობის ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ლაზერული პროექტორები
ეს სისტემა, ავტომობილის სილუეტს გზაზე გამოსახავს, რაც მძღოლს ორიენტირებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადატვირთულ ქუჩაში, ან ვიწრო გზაზე მოუწევს გადაადგილება. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, გზის საფარზე დიდი ინდიკატორების დატანას შეძლებს, რაც ასევე გამოსადეგია ვიწრო გზაზე მოძრაობისას.

ძრავები
ინჯენიუმის სერიის ძალიან ეკონომიური და ეკოლოგიური ძრავები მალე დამკვიდრდება „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილებზე. თუმცა, უფრო დიდი სიახლე, ჰიბრიდული აგრეგატი გახდება. მასში ელექტრო ძრავის გარდა, 2.0-ლიტრიანი ინჯენიუმიც გაერთიანდება, რომელსაც 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება. ამ ჰიბრიდული სისტემით, ავტომობილი იხეირებს როგორც უგზოობაში, ასევე ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას.
ქალაქში „დისკო“ დაახლოებით 16 კილომეტრის მხოლოდ ელექტრო ძრავით გავლას შეძლებს, ქალაქგარეთ კი, ცუდ გზებზე მოძრაობისას, იგივე ძრავი მას დამატებით მაბრუნ მომენტს მიანიჭებს. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემა შეამცირებს საწვავის ხარჯს, შეამცირებს გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას და გააუმჯობესებს ავტომობილის გამავლობას.

გამჭვირვალე კაპოტი
ეს სისტემაც ავტომობილს მანევრირებისას დაეხმარება. მას ჯერჯერობით მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ, თუმცა მეხუთე თაობის „დისქავერიზე“ ის ალბათ სტანდარტულ ეკიპირებაში შევა. სპეცალური კამერების დახმარებით, ეს სისტემა მანქანის ქვეშ არსებულ სიტუაციას იღებს და მის პროექციულ გამოსახულებას მძღოლის წინ გამოიტანს. ამგვარად, შესასძლებელი იქნება მანქანის ქვეშ არსებული გზის საფარის კონტროლი. სისტემა დაგეხმარებათ როგორც უგზოობის პირობებში, ასევე ქალაქში მოძრაობისას.

შორიდან მართვა
ეს სისტემა პარკირებისას არის ხელსაყრელი, როცა სადომზე არსებული ვიწრო ადგილი, მასზე ავტომობილის დგომისას, კარის უსაფრთხოდ გაღების საშუალებას არ იძლევა. გადმოხვალთ მანქანიდან და ამ სისტემის დახმარებით, მოშორებით მდგარი შესძლებთ მის მართვას. პულტითვე შეძლებთ სადგომიდან მის გამოყვანას.

ინტერიერი
ბრიტანული კომპანია, თავისი ავტომობილების ინტერიერის რადიკალურ სრულყოფას გეგმავს. მასში ცენტრალურ ადგილს ზორბა სენსორული, მრავალფუნქციური ეკრანი დაიკავებს. გარდა ამისა, მძღოლის განკარგულებაში იქნება საპროექციო ეკრანი, რომელიც მის წინ არსებულ სივრცეში, საქარე შუშის უკან, სასურველი ინფორმაციის გამოტანის საშუალებას მისცემს. ეს მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ ამ ინფორმაციის აღქმისათვის, საჭირო არ იქნება გზიდან ყურადღების სხვაგან გადატანა.

No comments:

Post a Comment