დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 18, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ დებიუტი პებლ ბიჩში

New 542bhp Range Rover Sport SVR revealed
18 აგვისტო
ის უკვე ოფიციალურად შეემატა „რეინჯ როვერის“ სახელოვან ოჯახს - „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ პრემიერა პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე შედგა. ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანული კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი. და მისი შეძენა, „ლენდ როვერის“ დილერებთან უკვე ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით, რომელთანაც ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული 260 კმ/სთ ნიშნულზე. რაც შეეხება სისწრაფეს, ამ მხრივ, მის პასპორტში ყველაზე ძლიერი არგუმენტია ნურბურგრინგის რეკორდის (8 წუთი და 14 წამი) სახით.
„ლენდ როვერი“ და მისი სპეციალური ოპერაციების შტო, რომელსაც ბრიტანული კომპანიის შეფი ჯონ ედვარდსი ხელმძღვანელობს, გვამცნობენ, რომ სიმძლავრის და სიჩქარის მომატების პარალელურად, ავტომობილმა სტანდარტული „რეინჯ როვერ სპორტის“ ეფექტურობა შეინარჩუნა - ის 100 კილომეტრზე 10.64 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მისი გამონაბოლქვი კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 299 გრამ ნახშირორჟანგს შეიცავს. მოკლედ, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ სახით, უგზოობის პრემიუმ სეგმენტის ისეთ პოპულარულ ავტომობილებს, როგორებიც „პორშე კაიენ ტურბო S“, „მერსედეს-ბენც ML63 AMG“ და BMW-ს X5 და X6 M-ია, ძალიან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.
მამოძრავებელი ძალა ოთხივე წამყვან ბორბალს გადაეცემა. გადაცემათა საფეხურების შეცვლა საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტებით ხდება. თუმცა, მყიდველს ჩვეულებრივი ბერკეტის შერჩევაც შეუძლია. გადაცემათა კოლოფი 50 პროცენტით უფრო სწრაფად ასრულებს „მითითებებს“. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, გადაცემათა კოლოფის ფუნქციაში ასევე აქსელერატორის ძალიან ხანმოკლე გააქტიურება შედის, როცა დაბალ საფეხურზე გადასვლაა საჭირო.
ავტომობილს ყველგანმავლის თვისებები უკლებლივ აქვს შენარჩუნებული. ამაში მას სრულ ამძრავიანი ტრანსმისია, ორსაფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფი, ასევე ღერძებსშორისი მრავალდისკოიანი დიფერენციალი ეხმარება. გარდა ამისა, ხელახალი კალიბრაცია ჩაუტარდა უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების აქტიური სისტემა. მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი დიფერენციალის იმიტაციას ასრულებს მუხრუჭების სისტემა. ასევე დაიხვეწა სტაბილურობის დინამიკური კონტროლის სისტემა.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ ასევე აღჭურვილია ორსაფეხურიანი გამოსაბოლქვით, რომელიც ელექტრონულად კონტროლირებადი სარქველებითაა აღჭურვილი. მათი დახმარებით, ძრავის მაღალ ბრუნვებზე, გამოსაბოლქვი სარბოლი ავტომობილის მსგავს ხმას გამოსცემს. დაბალ სიჩქარესა და დატვირთვაზე, ოთხიდან ორი სარქველი დახურულია. სიჩქარის და დატვირთვების გაზრდისას კი, როცა ძრავის ბრუნთა რიცხვები 3 000-ზე მაღლა ადის, ყველა სარქველი იხსნება და ხმას „თავისუფალია“.
დაიხვეწა შასი, რისი მიზანიც მანევრულობის გაუმჯობესება იყო. „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ აღჭურვილია პნევმატური საკიდარით და ადაპტირებადი ამორტიზატორებით. ამასთან, საკიდარის ცალკეული კომპონენტები შემსუბუქებულია და უფრო მტკიცეც. მოსახვევებში სტაბილურობას უზრუნველყოფს დახრის კონტროლის აქტიური სისტემა, რომელშიც, შესაბამისი ბერკეტები, ჰიდრავლიკურმა ტუმბომ შეცვალა, რომელიც ორივე ღერძს ემსახურება. ის ავტომობილის დახრას მუდმივად აკონტროლებს და მოსახვევის ზღვარზე გავლის საშუალებას იძლევა.
ავტომობილი 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 275/45 R21 ზომის საბურავებითაა შემოსილი. გარდა ამისა, მყიდველს ოპციის სახით 22-დუიმიან ბორბლებს და მათთან ერთად, „კონტინენტალის“ 295/40 R22 ზომის „სპორტკონტაქტ 5“ სპორტულ საბურავებს შესთავაზებენ. ავტომობილის დამუხრუჭებას, „ბრემბოს“ წარმოების ექვსდგუშიანი მუხრუჭები უზრუნველყოფს.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“, ჩვეულებრივი „რეინჯ როვერ სპორტისგან“ გარეგნული განმასხვავებელი ნიშნებიც აქვს. მაგალითად, ახალია წინა ბამპერი, გაცილებით დიდი ზომის ჰაერის ამღებები, რადიატორის განსხვავებული ცხაური, ახალი უკანა ბამპერი, მასში ინტეგრირებული დიფუზორით, უკანა სპოილერი და ოთხი გამოსაბოლქვი მილი. სიახლეა სალონშიც. მაგალითად, ესაა მდიდრულად გაწყობილი სპორტული სავარძლები. სტანდარტულ ეკიპირებაში, ალუმინი სჭარბობს, შეკვეთის შემთხვევაში კი ალიმინს კარბონის კომპოზიტი ცვლის.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ საბაზო ფასი ბრიტანეთში 93 450 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment