დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 13, 2014

„უილიამსმა“ ახალი ტექნიკური ცენტრი გახსნა

Williams opens new £8 million technical centre
13 ივლისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „უილიამსმა“ ახალი ტექნიკური ცენტრი გახსნა, რომელსაც ფ1-ის ტექნოლოგიების სერიულ წარმოებაში დანერგვისთვის გამოიყენებს. ცენტრის მშენებლობა 8 მილიონ გირვანქა სტერლინგი დაჯდა, მის გახსნაში კი მონაწილეობა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა მიიღო.
ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, „უილიამსის“ დამაარსებელმა და თანამფლობელმა სერ ფრენკ უილიამსმა განცხადა, „ვამაყობ იმით, რომ ჩემი კომპანიის 600 თანამშრომელი, თავის სპეციფიკურ უნარსა და გამოცდილებას უფრო ფართოდ გამოიყენებს“.
 ამგვარად, მისი კომპანია კონკურენტი „მაკლარენისგან“ განსხვავებულ გზას დაადგა - უოკინგელები უკვე რამდენიმე წელია, სუპერ ავტომობილებს აწარმოებენ. „უილიამსის“ ახალი ტექნიკური ცენტრის (უილიამს ედვანსდ ენჯინირინგ) მიზანი კი, სხვადასხვა კომპანიებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა იქნება. ცენტრში შეკვეთებით შექმნიან ჰიბრიდულ სისტემებს, შეიმუშავებენ მსუბუქი მასალების მასობრივ წარმოებაში გამოყენების ტექნოლოგიებს, დაამუშავებენ და დახვეწენ სერიული ავტომობილების აეროდინამიკას. გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია მონაწილეობას სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში მიიღებს.
 სხვათა შორის, ფ1-ის გარეთ „უილიამსმა“ პირველ პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ 1982 წელს მიიღო, როცა რალის რბოლებისთვის „მეტრო 6R4“ მოამზადა. მას შემდეგ, მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა, მეტწილად სარბოლო დანიშნულების პროექტებში. ახლახანს, მის მიერ შემუშავებული სისტემა კერს-ით აღიჭურვა „პორშეს“ სარბოლი პროტოტიპი, რომლითაც გერმანულმა კომპანიამ ლე მანის რბოლაში იასპარეზა.
„უილიამსის“ ახალი ტექნიკური ცენტრის მიერ შემუშავებული ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი ახალი ელექტრული სარბოლო სერია ფორმულა E-ს ბოლიდები. ასევე „უილიამსი“ „ნისმოსთან“ თანამშრომლობდა „ნისან GTR-ის“ სარბოლო ვერსიის შექმნაზე, რომელმაც ახლახანს თავისი კლასის ავტომობილებისთვის, ნურბურგრინგზე წრის გავლის რეკორდი დაამყარა.
კიდევ ერთი ცნობილი პროექტი, რომელშიც „უილიამსმა“ მონაწილეობა მიიღო, არის „იაგუარის“ სუპერ ავტომობილი C-X75. ამ ავტომობილისთვის ბრიტანულმა კომპანიამ კარბონის შასი და ჰიბრიდული სისტემა შეიმუშავა და ავტომობილი აეროდინამიკურ მილში დაამუშავა. მაგრამ „სამწუხაროდ, „იაგუარმა“ პროექტს მწვანე შუქი არ აუნთო.
ცენტრის შეფი კრეიგ უილსონი ამბობს, რომ მის ცენტრში უკვე დასაქმებულია 150 უმაღლესი კლასის ინჟინერი, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობენ. ამასთან, ცენტრის ამუშავების და სრულად დაკომპლექტების შემდეგ (იქ 250 უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინერი იმუშავებს), კიდევ უფრო გაიზრდება იმ პროექტების სია, რომლებშიც „უილიამსი“ მონაწილეობას მიიღებს. გარდა ამისა, ეს პროექტები ენერგეტიკისა და ავიაკოსმოსურ სფეროსაც შეეხება.

No comments:

Post a Comment